“ქართული ოცნების” წევრი და პარლმენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დინამიკა მზარდია. მისი თქმით, ის, რომ დღევანდელი ტემპით გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ასე იქნება.  როგორც სერგეენკომ განაცხადა, ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება და ასევე გაიზრდება ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის საიტების რაოდენობაც.

“დღეში 3-5 ათასი ადამიანის ვაქცინირება რომ დავიწყოთ, შედეგი შემოდგომისკენ იქნება, – ასე რომ, ეს თვეები, ვაქცინაციის ტემპის მიუხედავად, საფრთხილოა,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი აზრით, გეგმა, რომელიც მოსახლეობის 60%-ის აცრას მოიცავს, რა თქმა უნდა, არსებული ტემპებით რთული იქნება.

“თუმცა, მაგალითად, მე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გუშინ ავიცერი. თავიდან, როცა 55 წელზე ჩამოიწია, დარეგისტრირება ვერ შევძელი, რადგან ყველა საიტი შევსებული იყო. გუშინ რესპუბლიკურში კაბინეტების რაოდენობა გაიზარდა და ამდენად აცრის გაკეთება შევძელი.

დინამიკა არის მზარდი. ის, რომ დღევანდელი ტემპით გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ასე იქნება. ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება საიტების რაოდენობა,” – დასძინა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მისი შეფასებით, რეალურად მთელ მსოფლიოშია ტენდენცია, როცა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება და ამის მოლოდინი და პროგნოზები არსებობდა.

“ამისგან დაცვა არის ნიღაბი, დისტანცია, ხელების დამუშავება და მობილობის შემცირება. მეორე მხრივ, ვაქცინაცია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები