LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელათის შესწავლისას, სისტემური ხასიათის პრობლემა გამოვლინდა: სახალხო დამცველის განცხადებით, ძეგლზე დროებითი გადახურვა 10 თვით დაგვიანდა

92
გელათი3

“მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, დროებითი გადახურვის გაკეთება თითქმის 10 თვით დაგვიანდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის პირველად შეფასებაში წერია, რომელიც  გელათის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.  სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლისას სისტემური ხასიათის პრობლემაც გამოვლინდა.

“ინფორმაცია დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან გადახურვის დაზიანების თაობაზე, ცნობილი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში გახდა. აღნიშნული მიუთითებს თუ რამდენად არაეფექტურად მიმდინარეობდა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმარება და ზედამხედველობა”. – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით,  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს  საფრთხე ამ დრომდე ექმნება.

“საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა ასევე სისტემური ხასიათის პრობლემა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარების დროს, შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დასკვნის გზით შეფასების ვალდებულებას არ ითვალისწინებს . აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს დიდ საფრთხეს უქმნის”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს რეკომენდაციით:

  1. გელათის შეუქცევადი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;
  2. როგორც გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების დასადგენად, ასევე სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას უზრუნველყოფილ იქნას კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა;
  3. საზოგადოებას სისტემატურად მიეწოდოს სრული ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში საკითხზე ზედამხედველობას და საზოგადოებას შემდგომ შეფასებებს მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა,  თუმცა ფრესკები და სახურავი კვლავ დაზიანდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები