LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის ეკლესია, ნარკოტიკები და მოხუცები კლუბებში – როგორი იქნება თბილისში ღამის ეკონომიკა

1

წამოიწყეთ ახალი ინიციატივები, მიეცით ახალგაზრდებს შესაძლებლობები და არ დააკოპიროთ სხვა ქალაქის ღამის ცხოვრება – ეს არის ის ძირითადი რჩევები, რომლებიც თბილისმა მსოფლიოს ღამის მერებისგან მიიღო.

30 დეკემბერს დაწყებული ღამის ეკონომიკის ფორუმი, რომელზეც ღია დისკუსიები მიდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, დასრულდა.

ღამის ეკონომიკად შეიძლება იქცეს ყველაფერი

ეს ამსტერდამის ღამის ცხოვრებაზე შექმნილი მცირე კლიპია. ღამის ეკონომიკად, აქაც ღამის კლუბები, ბარები და ფესტივალები მოიაზრება, თუმცა ღამის მერებმა და სპიკერებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერი რამ, ნებისმიერი აქტივობა, რაც დღისით მუშაობს და შესაძლებელია მასზე ღამითაც იყოს მოთხოვნა, ღამის ეკონომიკის ნაწილად შეიძლება იქცეს. ინიციატივები ამის შესახებ კი ღია დისკუსიებზე უნდა წამოიჭრას.

ვილნიუსის ღამის მერის მარკ ადამ ჰაროლდის თქმით, ერთერთ დისკუსიაზე, მათთან სამღვდელოებამ გამოთქვა სურვილი, რომ ეკლესია ღამით გახსნილიყო.

“მან გვითხრა, რომ რთულია ახალგაზრდის 9 საათზე ლოცვაზე მიყვანა და მისი აზრით, შესაძლებელი იყო, ღამით ჩატარებულიყო ლოცვები მათთვის, ვინც ღამის ცხოვრებას ეწევა. ეს რა თქმა უნდა, დისკუსიის საგანია, თუმცა იდეის დონეზე ნებისმიერი რამის დაშვება შეიძლება,” – განაცხადა მან.

ღამის ცხოვრებაში, უნდა ჩართოთ ადგილები, სადაც ხალხი ნიღაბს მოიხსნის და იქნება ის, რაც არის – ამის შესახებ ამსტერდამის ყოფილმა ღამის მერმა მირიკ მილანმა განაცხადა. ის ახლა მსოფლიოში ღამის ცხოვრების სხვადასხვა პროექტშია ჩართული და ამბობს, რომ ღამის ცხოვრება ხალხის დაკავშირების დიდი შესაძლებლობაა. მირიკ მილანის თქმით, ის ციფრულ ტექნოლოგიებს უპირისპირდება.

“თუ ადამიანები შეძლებენ იპოვონ ადგილი, სადაც ნიღაბს მოიხსნიან, თუ ასეთ ადგილებში მარტო წასვლაც არ იქნება უხერხული, ეს იქნება სწორედ ციფრულ უკონტაქტობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა.

უნდა განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები. ამ ყველაფერში შესაძლოა, ხანდაზმულების ჩართვაც. 

მაგალითად, ბრიტანეთში გვქონდა ასეთი სიტუაცია, რომ ახალგაზრდებმა წაიყვანეს მოხუცები კლუბში, დაუკრეს მათთვის და დაეხმარნენ ცეკვაში. აუცილებელია, რომ ასეთი ღონოსძიებებიც ჩატარდეს. აუცილებელია, იმ ხალხმა, რომლებიც სიამოვნებას მიიღებენ, იფიქრონ სხვების დახმარებაზეც. ეს ყველაფერი ღამის ცხოვრების სწორად განვითარებასთან ერთად მოვა,” – განაცხადა მირიკ მილანმა.

ვილნიუსის მერი მარკ ადამ ჰაროლდი ამბობს, რომ ღამის ცხოვრების განვითარებაში, სწორედ ის ახალგაზრდები უნდა ჩართონ, რომლებიც ღამის ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ, იცნობენ ამ სივრცეებს და საჭიროებებს.

“ხალხი, რომლებიც ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ, კრეატიულები არიან. ისინი შეიძლება რაღაც უცნაურს აკეთებდნენ, მაგრამ ასეთები არიან, ასეთებად უნდა მივიღოთ. მათ უნდა ვუყურებდეთ, როგორც ძალიან თანამედროვე, “ქულ” ხალხს. უნდა ვიცოდეთ, რომ თბილისი არის ძალიან თანამედროვე ქალაქი. გავავრცელოთ ეს მოსაზრება და ყველა დაიჯერებს ამას. ჩამოვლენ იმის სანახავად, თუ როგორი “ქულ” ხალხია თბილისში და თქვენი ქალაქი გახდება ასეთი ხალხის ჰაბი, გაქვთ ამის პოტენციალი,” – განაცხადა ჰაროლდმა.

საფრანგეთის ქალაქ ნანტში, მოთხოვნის მიხედვით, ღამის კლუბების გარდა, აქტიურად მართავენ ღამის კლასიკურ საღამოებს. ღამის მერი, ბენჯამენ მანდუტი ამბობს, რომ მათთან განსაკუთრებით პოპულარულია ღამის ფესტივალები, ასევე კლასიკური მუსიკის საღამოები, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში იმართება და ხალხის რელაქსაციის საშუალებაა.

“მაგალითად, ჩვენ ვმართავთ კლასიკური მუსიკის ღამეებს ბოტანიკურ ბაღში, ეს ღონისძიება დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე გვაქვს ღამის კარნავალი, 3 დღიანი ბარების ფესტივალი,” – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ღამის ცხოვრების განვითარების დროს, ქალაქი გარკვეული გამოწვევების წინაშე დგება.

ხმაური და უსაფრთხოება

პრობლემები და გამოწვევები “მარტივად” გადაჭრა ამსტერდამმა – 120 000 ევრო დაჯდა იმ ქუჩების მოწყობა და “გადაკეთება”, სადაც ღამით ხალხი იკრიბებოდა.

როგორც ამსტერდამის ღამის ყოფილმა მერმა მირიკ მილანმა განაცხადა, ამ თანხის დიდ ნაწილს, თავად ის ბიზნესები იხდიან, რომლებიც ღამით მუშაობენ.

“გავანათეთ ქუჩები, უმეტესი მათგანი საფეხმავლო ადგილებად გადავაკეთეთ. ჩვენთან ძალიან პოპულარულია ველოსიპედები და ეს პრობლემა არ ყოფილა. დავამატეთ ამ ადგილებში ხალხი, რომელიც პოლიციის ფუნქციას ასრულებს, თუმცა იარაღი არ აქვთ, ისინი აცილებენ არაფხიზელ ადამიანებს სახლში, ეხმარებიან…

პროექტით, რომელიც განვახორციელეთ, ერთ წელში 28%-ით შევამცირეთ ძალადობა და ღამით გართობა უფრო უსაფრთხო გახდა,” – განაცხადა მირიკ მილანმა.

 

ღამის ეკონომიკის განვითარება ნარკოტიკების გარეშე შეუძლებელია?!

ღამის მერები ამბობენ, რომ ნარკოტიკების თემის განხილვა აქტიურად უნდა მოხდეს. ვილნიუსის ღამის მერი ამ მრივ ლიეტუვას მძიმე გამოცდილებასაც გვიზიარებს, რომელსაც “happy end” აქვს.

“ლიეტუვაში ნარკოტიკების კონტროლის დეპარტამენტი იყო ბიუროკრატიული ბიურო, რომელიც აჯარიმებდა ხალხს,  ჩავთვალე მტრად. შემდეგ მათ მიმიწვიეს და აღმოჩნდა, რომ ჩემ მხარეზე ყოფილან. მათაც არ მოსწონდათ თავიანთი დეპარტამენტი. დღეს მათ აქვთ ახალი დეპარტამენტი, რომლის უმთავრესი მიზანი, ზიანის შემცირებაა. პოლიციური სისტემა არ მუშაობს.

გულახდილები იყავით თუ ხედავთ, რომ პოლიცია რაღაც არასწორს აკეთებს. მაგალითად ჩვენთან, რეიდები მხოლოდ „ანდერგრაუნდ“ მცირე ბარებში ტარდებოდა. რატომ? როდესაც მაღალი დონის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ბევრად მეტი ნარკოტიკი ტრიალებს. ბარებში სულ 12 რეიდი ჩატარდა, რა დროსაც მხოლოდ 20 გრ ნარკოტიკი ამოიღეს,” – აცხადებს ის.

ზიანის შემცირების მეთოდი აირჩია პარიზმაც და ბერლინმაც.

ამსტერდამის ღამის მერი მირიკ მილანი ამბობს, რომ ამის მისაღწევად, ნარკოტიკების მომხმარებელიც, ჩვეულებრივ ადამიანად უნდა მივიღოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პრობლემის მოგვარება.

“ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანია, რომ ვიღაც ნარკოტიკებით სიამოვნებას იღებს. დიახ ნარკოტიკი დამაზიანებელია, მაგრამ გააჩნია როგორ მივუდგებით ამას. სტიგმები არ უნდა არსებობდეს,” – განაცადა მირიკ მილანმა.

მათი თქმით, როცა ნარკოტიკების მაგივრად, ღამის ცხოვრებაში უამრავი აქტივობა იქნება ჩართული, ის იმ პოპულარობას დაკარგავს, რაც დღეს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები