LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი „მომავლის პოლიტიკოსებისგან”- კალაძე ხაბეიშვილზე

75
iPiccy-collage

მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა „მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა“ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი  თბილისის მთავრობის სხდომაზე, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს, რომლის თანახმად, ერთ-ერთ სკვერში კორპუსის მშენებლობისთვის ხეების მოჭრა ხდება.  კახა კალაძის განცხადებით, ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„მომავლის თაობის პოლიტიკოსმა“ გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე – სკვერში, თითქოს ხეები იჭრება იმისთვის, რომ 12-სართულიანი კორპუსი აშენდეს. მომავლის თაობის პოლიტიკოსი იცით ხომ ვინ არის? იმან დაარქვა „მომავლის თაობის პოლიტიკოსი“, ჰოლანდიაში რომ არის. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი იმ ზონის ფარგლებში ვითარდება, რა ზონაც არის მითითებული და დადგენილი ყოველგვარი კოეფიციენტის მატების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა „მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა“ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი „მომავლის თაობის პოლიტიკოსებისგან“. ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებები გაეკეთებინა და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

მაია ბითაძის განმარტებით, სკვერში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს და ლევან ხაბეიშვილის მხრიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

„ნამდვილად საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ლევან ხაბეიშვილი სკვერში იმყოფებოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსი უნდა აშენდეს, რაზეც მოცულობა სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდე არის გაზრდილი და ხეები იჭრება. ვფიქრობ, სირცხვილია მოსახლეობის ასეთი დონით შეცდომაში შეყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ კადრებში ასახული იყო სანიტარიული ჭრები, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს, იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ. კადრებში ნაჩვენები იყო ზუსტად ეს ხეები, რომლებიც გუშინ „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ მოიჭრა. ეს ჭრები კვლავ გაგრძელდება და მიმდინარე წელს მცენარეების ჩანაცვლება მთლიანად მოხდება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება სკვერის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობის საკითხს, მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული ინფორმაციაც აბსოლუტური სიცრუეა. „ტერიტორია, რომელიც სკვერის მომიჯნავედ მდებარეობს და სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო ტერიტორიაა. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი-საქმიანობის ზონაა, სადაც ბევრად უფრო დიდი მოცულობის ობიექტი შეიძლებოდა აშენებულიყო. პროექტის მიხედვით, არცერთი ხე არ იჭრება. ძალიან დიდი დენდროლოგიური პროექტია შეთანხმებული, რომლის შედეგებს პროექტის დასრულების შემდეგ ვიხილავთ. ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად სირცხვილია, მოსახლეობის ამ დონით შეცდომაში შეყვანა“, – განმარტა მაია ბითაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები