ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა აღნიშნა რომ, საკუთარი ცოდვების განცდა და სხვის განკითხვაზე უარის თქმა ყველაზე იოლი გზაა, რომელიც ადამიანს სასუფევლამდე მიიყვანს.

“დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს შენდობის დღე ეწოდება. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი. ასე რომ, მობრძანდით და მიიღეთ შენდობა. ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“. ეს გზა – განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა, ყველაზე იოლია, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში, ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავის თავი.
არის შემთხვევები, როცა აღსარებაზე მიდიან მოძღვართან და მოძღვარი ეკითხება, თუ რა შეცოდება ჩაუდენია და იმდენად დახშულია მათი გონება, რომ ამბობენ, არანაირი ცოდვა არ მაქვსო. მოძღვარი ეუბნება, მეც კი მაქვს ცოდვაო. პასუხია, რომ შენ შესაძლოა გაქვს, მაგრამ მე არაო.. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშულია, სული დათრგუნულია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. დღევანდელი დღე კიდევ არის ცნობილი იმით, რომ იხსენებს ეკლესია ადამისა და ევას განდევნას სამოთხიდან. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი შეიწყალებს კაცობრიობას”, – განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე საქართველოს სკოლებში მომუშავე მანდატურები დალოცა და აღნიშნა, რომ მათი სამსახური დიდი საპასუხისმგებლობაა, რადგანაც წესრიგს იცავენ სკოლებში.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ მანდატურებს, რომლებიც წესრიგს იცავენ სკოლებში ჩვენს შვილებთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა შეიწიროს თქვენი შრომა“, – განაცხადა ილია მეორემ.

მიტევების კვირა ყველიერის ბოლოს, დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს აღინიშნება.ხვალიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

მსგავსი თემები