ეს არის იმ ტიპის უმძიმესი პროვოკაცია, რაც კრემლსაც კი არ მოსვლია თავში, რომ ქსენოფობია ეწოდებინა, – ამას კადრულობს ჩვენი ხელისუფლება, რითაც თვითონ ქმნის საფუძველს, რამე რომ იყოს, რუსეთს ჰქონდეს იმის საბაბი, რომ საქართველოში მოახდინოს ინტერვენცია, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ექსპერტის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სერგო ორჯონიკიძის ტექსტით საუბრობს.

„ამის ინტერპრეტირება, როგორც ქსენოფობია, ეს არის იმ ტიპის უმძიმესი პროვოკაცია, რაც კრემლსაც კი არ უკადრებია, თავში არ მოსვლია, რომ ქსენოფობია ეწოდებინა იმისათვის, რაც დღეს საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ხდება. ამას კადრულობს ჩვენი ხელისუფლება, რითაც თვითონ ქმნის საფუძველს, რამე რომ იყოს, რუსეთს ჰქონდეს იმის საბაბი, საქართველოში მოახდინოს ინტერვენცია. სერგო ორჯონიკიძის ტექსტით ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე“, – განაცხადა ექსპერტმა.

როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს რეალურად ომშია, ოღონდ არა დასავლეთის, არამედ რუსეთის მხარეს.

„რბილი ძალაა პირველი ტალღა, რითაც იწყება ქვეყნის ოკუპაცია. რბილი ძალის ელემენტებია ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ექსპანსია. თუ ეს ყველაფერი არ ჭირს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სამხედრო ინტერვენცია. თუ ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ და გარკვეულ შეზღუდვებს დავაწესებთ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით და შედეგად საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ზუსტად იცის, ჩვენ უკვე რუსეთის ნაწილი ვართ. როგორ მოვახერხეთ, რომ ამ გლობალური ომის პირობებში, როდესაც დასავლეთს მთავარ იარაღად ეკონომიკური ომი აქვს აღებული, ჩვენ მაქსიმალურად ვახერხებთ ინტეგრირებას რუსეთის ეკონომიკაში?! გამოდის, რომ ჩვენ ომში უკვე ვართ, მაგრამ რუსეთის მხარეს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მსგავსი თემები