LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „უბავშვებო სკოლა ძნელი საცქერია… ისინი მაინც აქ არიან“

117
giamurgulia

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ცარიელი მერხებია გადაღებული და სტატუსს, სადაც უბავშვებო სკოლის შესახებ წერს:

„უბავშვებო სკოლა ძნელი საცქერია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ და ეს საკამათო არ არის, მაგრამ… უბრალოდ, ძნელია ასეთი სიცარიელის უემოციო აღქმა. ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია.

დღეს ეკრანზე ყველა მათგანი ვნახე, მათი ხმა გავიგონე, პასუხები მოვისმინე, რაც დაგეგმილი მქონდა, ვასწავლე, დავალებაც მივეცი, ვისაუბრეთ და გავიღიმეთ კიდეც.

ეს ყველაფერი დისტანციურად მოხდა. რას ვიზამთ – ვირუსმა ჯერჯერობით სხვა გზა არ დაგვიტოვა. რაც გარდაუვალია, იმაზე მოთქმა არ ღირს. გონიერი ადამიანები საქმეს ყოველგვარ ვითარებაში აკეთებენ. ამით განსხვავდებიან ისინი მიზნობრივად მოლაყბეთაგან.

დავამარცხებთ ჩვენ ამ ვირუსს – სკოლა არასდროს არავისთან აგებს ბრძოლას. არ შეიძლება, მომავალი რამეს ვაგლახად დაექვემდებაროს.

ეს ყველაფერი ჩაივლის და საკლასო ოთახებს ჩვენი ბავშვები შეავსებენ – ფიქრით, სიცელქით, კითხვებით, პასუხებით, ძიებით.

მე მათ უკვე ვხედავ აქ.

ამ სიცარიელეს გასაოცარი და მომნუსხველი სისავსე აქვს.

ისინი მაინც აქ არიან…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები