LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: “ვისაც საკუთარ სულზე ნამდვილი ზრუნვა სურს, სხვაზე უნდა იზრუნოს…”

527
gia-murgulia-news20

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში ხარების დღესასწაულს საინტერესო იგავით გვილოცავს, რომელსაც თავად განმარტავს კიდეც.

“იგავი ერთი მარტივი, მაგრამ, როგორც ჩანს, არც თუ მცირედთათვის უკიდურესად ძნელად გასაგები ჭეშმარიტების შესახებ:

“ერთმა ძმამ ბერს ჰკითხა: ორი ძმიდან ერთი თავის სენაკში მდუმარებას იცავს, მარხულობს ექვსი დღის განმავლობაში და ასე აწრთობს თავის სულს, მეორე კი დაუღალავად დასტრიალებს თავს ავადმყოფებს და ტანჯვას უმსუბუქებს მათ. მამაო, რომლის საქმიანობაა უფრო სათნო უფლისთვის?

ბერმა უპასუხა, რომ ძმა, რომელიც მხოლოდ მდუმარებასა და ექვსდღიან მარხვას იცავს, ძელს ცხვირითაც რომ დაეკიდოს, მაინც ვერ გაუტოლდება მას, ვინც ავადმყოფებს ეხმარება”.

ასეა – ქრისტიანობა ამბობს, რომ კეთილი საქმის გარეშე რწმენა მკვდარია (“თვინიერ საქმეთა სარწმუნოებაი მკუდარ არს”). ღმერთი ყველაფერს ხედავს, მაგრამ გაკეთებული საქმეებით გვაფასებს.

სწორედ ამიტომ, ვისაც საკუთარ სულზე ნამდვილი ზრუნვა სურს, სხვაზე უნდა იზრუნოს (“რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია”).

ყველა, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ქრისტიანობას უიმედოდ შორდება.

თუ ვინმეს ადამიანის სიყვარულის გარეშე “უყვარს” ღმერთი, ფანატიზმის გზას ადგას.

არ შეიძლება კაცმა უფალი იმ იარაღად აქციოს, რომელსაც მხოლოდ მისი განადგურება შეუძლია.

ღმერთს უამრავი სახელი აქვს, მაგრამ “თვითმკვლელობა” მათ რიცხვში არ არის.

გილოცავთ ხარებას და ყველას ბევრ სიხარულს გისურვებთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები