LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ნოდია: „ეს პროფესიულ სიკვდილს ნიშნავს: ბესო ზანგური ვერ იქნება, რაც აქამდე იყო…“

684
nodiazanguri

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალურ საქმეს ეხმიანება და წერს, რომ ნინუცა მაყაშვილის მონაყოლის მიმართ ოჯახურ ძალადობაზე ნდობით განიმსჭვალა, თუმცა კითხვები მაინც აქვს:

„ნინუცა მაყაშვილს მეც მოვუსმინე და მისი მოყოლილი ამბის მიმართ ნდობით და თანაგრძნობით განვიმსჭვალე. ის, რომ სხვა ადამიანმაც გვითხრა, რომ თავად შეესწრო, როგორ სცემდა ნინუცას ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური, თავის შეყვარებულს (სხვას, არა მაყაშვილს), ჩემი ნდობა გაამყარა: როცა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო ერთსა და იმავეს ამბობს, ეს სერიოზული არგუმენტია. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი გამიგია, რის გამოც ნინუცას არ უნდა დავუჯერო.

თუმცა ბესო ზანგურზე ბევრი არაფერი ვიცი, რაც ვიცი, ნამდვილად არ ეწინააღმდეგება მისი, როგორც ცოლის მცემლის იმიჯს.

ზოგადად, ის, რომ საზოგადოებრივი განწყობა შეიცვალა, რომ სულ უფრო მეტი ქალი (თუმცა ჯერჯერობით, მაინც საკმაოდ ცოტა) ბედავს მის მიმართ ძალადობაზე ლაპარაკს და, რაც მთავარია, მკვიდრდება აზრი, რომ ოჯახური ძალადობა ისევე მკაცრად უნდა დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი სხვა, მხოლოდ მისასალმებელია. ეს ერთ-ერთი კარგი ცვლილებაა, რაც ბოლო წლებში მოხდა.

თუმცა ვიცი, რომ ამ კონტექსტში სიტყვა „მაგრამ“-ის ხმარება ცუდ ტონად ითვლება, მაინც უნდა ვიხმარო. კონკრეტულად როგორ და რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ამგვარი ბრალდების ობიექტია? ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა, ანუ ციხეში ჩასმა, არ უნდა. მაგრამ ფაქტობრივად სასჯელი უკვე დადგა: რუსთაველის თეატრმა ეს კაცი ყველა როლიდან მოხსნა. ეს პროფესიულ სიკვდილს ნიშნავს: ბესო ზანგური ვერ იქნება, რაც აქამდე იყო. არაფრიდან ჩანს, ეს სასჯელი როდემდე უნდა გაგრძელდეს. ციხეში რომ ჩაესვათ, ვთქვათ, ორი წლით, გასაგები იქნებოდა: სასჯელს მოიხდის, გამოვა და ცხოვრებას გააგრძელებს. მაგრამ ამ შემთხვევაში პროფესიული სიკვდილი როდემდე უნდა გაგრძელდეს? უსასრულოდ? თუ სანამ საზოგადოებას ბრაზი გადაუვლის?

როგორც ვთქვი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნინუცა მაყაშვილის მონაყოლი ჩემთვის დამაჯერებელია. მაგრამ შევხედოთ ამას, როგორც პრეცედენტს: საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი  პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს? ვინ უნდა განსაზღვროს, ის დამაჯერებელია თუ არა? კულტურის მინისტრმა? თეატრის დირექტორმა? თუ ამორფულმა სუბიექტმა, სახელად „საზოგადოება“?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები