LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა კვენეტაძე: „მინდა, მსმენელს ვუთხრა, რომ თუ ადამიანი მოღვაწეობს რუსეთში, არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ სისტემას უჭერს მხარს…“

5
გიგა-კვენეტაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ მომღერალი, გიგა კვენეტაძე სტუმრობდა, რომელმაც რუსეთში მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა და წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის მწვავე შეკითხვებს გასცა პასუხი.

გადაცემის ლაივი LIVE

გიგა, დავიწყოთ 2000-იანი წლების გახსენებით…

იმ პერიოდში იყო ძალიან კარგი კონკურენცია. იქმნებოდა ბევრი საინტერესო ახალი ჰიტი და ამაში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დიდი წვლილი მიუძღვის. თქვენი რადიოს დამსახურებით, საზოგადოება კარგად მიცნობდა. პირველი სიმღერა, რომელმაც აღიარება მომიტანა, იყო „ვერ შეგელევი“. კლიპიც საკმაოდ თამამი გახლდათ და მის შესახებ მთელი საქართველო საუბრობდა. პირველად ქართულ რეალობაში ვიდეორგოლში კოცნა დაფიქსირდა. „ფორტუნა პლუსის“ ჩარტის სათავეში 6 თვის განმავლობაში ჩემი და შავი პრინცის დუეტი, „სუპერ ქალი“ იყო, ამ სიმღერის გაცოცხლება გვინდა.

საქართველოს შემდეგ, გადაწყვიტე, საქმიანობა რუსეთში გაგეგრძელებინა…

იყო 2008 წელი, ჩემი პოპულარობის პიკი და რატომღაც გადავწყვიტე, რომ რაც საქართველოში გასაკეთებელი იყო, გავაკეთე, მეშინოდა, ერთი და იგივე ადგილი არ მეტკეპნა, მაშინ მწირი ბაზარი იყო და გადავწყვიტე, რუსეთში წავსულიყავი. როგორც სიმღერების ავტორი, ისე ვმოღვაწეობდი რუსეთში, წლების განმავლობაში ვარ იქ. არ დარჩენილა არტისტი რუსულ შოუბიზნესში, რომელსაც ჩემი სიმღერა არ უმღერია. რუსეთში რომ წავედი, პირველი ორ წელი ძალიან გამიჭირდა, ძალიან დამეხმარა ქეთა თოფურია, ის სხვადასხვა რუს არტისტთან წარმადგენდა ხოლმე, პირველი სიმღერა კი დიდმა ჯგუფმა, „ა სტუდიომ“ აიღო, ეს საოცარი შეგრძნება იყო და სწორედ იქიდან დაიწყო ყველაფერი. ვთანამშრომლობდი, როგორ უკვე გითხარით, „ა სტუდიოსთან“, ნიკოლაი ბასკოვთან, ალექსანდრ პანაიტოვთან, ელენა ვაენგასთან, დიანა ღურცკაიასთან, ფილიპ კირკოროვთან და ა.შ… რუსეთში მაქვს ჩემი სტუდია, ჩემს პროდუქციას იქ ვაკეთებ.

კითხვა, რომელიც ბუნებრივია ჩნდება… 2008 წელს, როდესაც ომი იყო გაჩაღებული საქართველოსა და რუსეთს შორის, შენ წახვედი რუსეთში… სიმღერებს უწერ ბასკოვსა და იმ ადამიანებს, რომლებიც პუტინის კარის მეხოტბეები არიან და მას უმღერიან, არ გრძნობ უხერხულობას?

არა, არ ვგრძნობ თავს უხერხულად, ეს არის ჩემი შემოქმედება, ეს არის, უბრალოდ, ხელოვნება. მე ჩემი აზრი მაქვს, თუ კირკოროვი და ბასკოვი შემეკითხებიან საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, ვეტყვი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ. ყოველთვის მგრძნობიარე ვარ ამ საკითხის მიმართ და ქართველი საზოგადოების აზრიც მუდამ  მაინტერესებს. თუმცა, ასე შედგა ჩემი ცხოვრება, ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც დღესდღეობით არ არის კეთილგანწყობილი. როდესაც მაღალ ეშელონებში მოვხვედრილვარ, პირდაპირ მითქვამს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ამაზე პოლემიკაში შემოსვლა აკრძალულია ჩემთან. რაც დღეს ხდება, ეს არის ძალიან სამწუხაროა. გამოსავალს ვერ ვხედავ, ზედა ეშელონების გადასაწყვეტია ყველაფერი, რომლებიც სტრატეგიულ ომში არიან ჩაბმული. კულტურა ყოველთვის იმიჯნება. 2008 წელს, მე და ნანი ბრეგვაძე მოსკოვში გავფრინდით ერთად, ვარ მომსწრე, როცა ხალხი მას უჩოქებდა და ბოდიშს უხდიდა. მე მქონდა მაშინ დანიშნული კონცერტი და მეორე დღესვე მოვხსენი აფიშა, არავის ეკონცერტებოდა. ვუმღერი მათ, ვისაც ჩემი სიმღერა მოსწონს და პატივს სცემს ჩემს შემოქმედებას. იმ ხალხში შეიძლება იყოს რუსი, ჩეჩენი, ქართველი, ფრანგი და ა.შ… თურქი სელჩუკებიც ანადგურებდნენ ქართველებს და მათ კონცერტის ჩატარებაზე უარი უნდა ვუთხრა? ეს ძალიან რთულია და ჩემ უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას.

შენი ერთი საინტერესო სტატუსი მინდა ამოვიკითხო:

„ისე არ ქნათ, რომ მშვიდობა დაისადგურებს და შეგრცხვებათ, დაანებეთ თავი ქართველი ცნობილი სახეების ბულინგს, რომლების რუსეთში მოღვაწეობენ და თუ მაინც ნამუსი ერთი ბეწო მაინც არ შეგრჩათ, ლოკაციას დაგიდებთ, საიდან უნდა გამოექანოთ“ – ვისზე იყო ეს სტატუსი და საიდან უნდა გამოექანონ, ანძიდან? 

არა, გორაზე ვცხოვრობ ჭაბუკიანის, იქ დაღმართია კარგი… მე არასდროს ვგულისხმობ იმ საზოგადოებას, რომელსაც თავისი აზრი გააჩნია, მე ვგულისხმობ მათ, ვისაც თავისი აზრი არ გააჩნია და უბრალოდ, ჯღაბნიან და გაგინებენ. პოლემიკა, ერთმანეთის ფურთხებასა და გინებაში არ უნდა გადაიზარდოს. არაადამიანები, რომლებიც შეეხებიან ჩემს ოჯახს, ჩემს პიროვნებას გინებით, სწორედ მათ ვგულისხმობ. ჩვენ ვართ პატარა ერი და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მაინც როგორ ფიქრობ, ხომ არ „ტეხავს“ დღეს რუსეთში მოღვაწეობა?

ჩემთვის არ „ტეხავს“ რუსეთში მოღვაწეობა. ვქმნი მუსიკას, იმასთან, რაც ხდება, არანაირი კავშირი არ მაქვს. ჩემს აზრს გამოვხატავ ხოლმე იქ, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა. ყველაფერი კარგად ვიცი. ჩვენ გვტკივა აფხაზეთი და სამაჩაბლო. მინდა, მსმენელს ვუთხრა, რომ თუ კონკრეტული ადამიანი მოღვაწეობს რუსეთში, არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ სისტემას უჭერს მხარს. ეს უბრალოდ ჩვენი შემოქმედებაა.

სიახლეებზე გვესაუბრე…

უკვე წელიწადნახევარია, როგორც სოლომომღერალი, იმ ბაზრისთვის, სადაც ვმოღვაწეობ, ვუშვებ ახალ სიმღერებს. ასევე უკვე ორი წელია, ქართული ბაზრისთვისაც დავიწყე სიმღერების გამოშვება. მანამდე, როგორც კომპოზიტორი, ისე ვმუშაობდი. ზოგადად, მუსიკას არ აქვს ენა, მნიშვნელობა აქვს, რა მოდის სიმღერიდან, მნიშვნელობა აქვს სულს.

პირადი ცხოვრების შესახებ რას გვეტყვი?

მყავს ძალიან საყვარელი ადამიანი, მეუღლე, რომელიც საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, ნახევრად ქართველია, ნახევრად სომეხი. მყავს პატარა ნიკუშა, უკვე 8 წლის არის. არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი, უყვარს მუსიკა. ეს ჩემი მეორე ქორწინებაა, პირველი იყო ნინო წიკლაურთან, სხვათა შორის, მეორე ალბომის თანხით მისმა მილიონერმა მეუღლემ დამაფინანსა, ვხუმრობ… ნინო, თუ გვისმენ, მეუღლეს გადაეცი, შენს ყოფილ ქმარს კარგი იდეები აქვს და თუ დააფინანსებ-თქო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები