გილოცავთ, საკრებულო დღეს ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ცნობილია, დოკუმენტი დღეს საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, 25 წლის განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგროვდა, თუმცა, პრობლემების სათავე ქალაქის განვითარების სისტემური ხედვის და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო.

“ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად. რა თქმა უნდა, წლობით დაგროვებულ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა, ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას. გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები. იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ადამიანებისთვის უზრუნველყოფს ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.

ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი და ამისთვის, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავალშიც. ჩვენ თბილისელებთან ერთად, დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები