LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ჯვრისწერის, საქორწინო საჩუქრების, სიყვარულის შესახებ: „ძალიან ბედნიერები ვართ!..“

18575
gasvianiex

ტელეწამყვანი და მსახიობი, გიორგი გასვიანი და მომავალი ჟურნალისტი, მარიტა მელიქიაშვილი ახლახან დაქორწინდნენ. მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. წყვილის ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი და ინტერესი გამოიწვია.

გიორგისა და მარიამს ვესტუმრეთ და ფოტოსესიის შემდეგ მათთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც საკუთარ გრძნობებზე გულწრფელად საუბრობენ და გვიყვებიან, როგორ დაგეგმეს ჯვრისწერა…

გიორგი:

ბევრნაირი ვერსია გვქონდა, არ დაგიმალავთ. ჯერ ვფიქრობდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს წავსულიყავით და დაგვეწერა ჯვარი. გაიგებდა ყველა, ერთ ფოტოს დავდებდით და ეგ იქნებოდა. შემდეგ ეს იდეა გადავთქვით, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენს მშობლებსაც უნდოდათ ჯვრისწერაზე ყოფნა და მეგობრებსაც. ნოე სულაბერიძემ რომ მიგვიწვია გადაცემაში და პირველად გამოვაჩინე მარიტა, მაშინ იქ სპონტანურად ვთქვი, ყველას გელოდებით ჯვრისწერაზე-მეთქი… და გაპარვა აღარ გამოგვივიდა. ასეთი ჩაკეტილობის გამო, მართალი გითხრათ, კიდევ უფრო რთული იყო ჩვენთვის მარტო ჯვრის დაწერა, რადგან გვინდოდა, ასეთი დიდი სიხარული და ემოციები სხვებთან ერთად გაგვეზიარებინა. გვინდოდა, ჩვენი თანაცხოვრება ჯვრისწერით დაწყებულიყო და პანდემიის დასრულებას ვერ დაველოდებოდით. გადაცემაში ერთად რომ გამოვჩნდით, იმ დღიდან მოყოლებული ამ ამბავში მთელი ქვეყანა ჩაერთო – ვგულისხმობ მოლოცვებს, სოციალური ქსელით, ემიგრანტების, ახლობლების, ნათესავების მხრიდან. ძალიან ბევრისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა. სახალხო მუხტი ვიგრძენით.

გადავწყვიტეთ, სპეციალურად კარგი ენერგიისა და პოზიტიური დღე შეგვერჩია და ჯვარი სვეტიცხოველში დაგვეწერა.

დღე როგორ შეარჩიეთ?

შაბათი დღე გვინდოდა აუცილებლად. პოზიტიური დღე ასტროლოგიურადაც იყო. ეს მთავარი კი არ ყოფილა, მაგრამ მთვარის მე-12 დღე გამოვითვალე და ვიცოდი, რომ პოზიტიური იქნებოდა ჯვრისწერა. ძალიან ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობას ნიშნავს. ასევე მთვარე იყო ტყუპებში და კომუნიკაციას უკავშირდებოდა, ამიტომაც ვერ შევძელით, რომ მეგობრებისთვის არ გვეთქვა და პირბადით მოვიდა ყველა. ტაძარი არ გადაივსო, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო, თუმცა დისტანციით იდგნენ. ჩვენს ჯვრისწერას ესწრებოდნენ ისეთი ადამიანები, ვისთანც ყოველდღიური და ხშირი კონტაქტი გვაქვს.

იყო აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი გვირჩევდა, არ დაგვედო ფოტოები და ლაივები. ჩემს სახლში მოდიოდა მოსალოცად ის ხალხი, ვისაც ისედაც ჰქონდა ურთიერთობა. არ მქონია ის შეგრძნება, რომ საშინელებას ვაკეთებდით. თავში აზრად არ მოგვსვლია, რომ ჩუმად აღგვენიშნა სადმე, რესტორანში, დახურულ წვეულებაზე. 99% დადებითი კომენტარი იყო, მაგრამ იყო რამდენიმე კომენტარი, ერთმა, მგონი, ვიდეომიმართვაც ჩაწერა, სადაც მეკითხებოდა, რატომ იყვნენ ჩემს ქორწილში ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე, მაკა რაზმაძე და სხვა ცნობილი სახეები. ამ ადამიანებთან ერთად მთელი წელი ვშრომობ, ერთად მოვიარეთ საქართველო და ვმეგობრობთ, თანაც, ნოე და ანრი ჩემი მეჯვარეები იყვნენ და ჩემს ქორწილში არ უნდა ყოფილიყვნენ?! შენს სახლში რატომ იყვნენ და რატომ გილოცავდნენო, ამას ვისაც მწერს, მგონი, ასეთ ადამიანებს თავში ჭკუა არა აქვთ.

 

მარიტა, შენთვის, ალბათ, უცხოა პოპულარობა, კომენტარები, რასაც გიორგი მიჩვეულია… როგორ მოემზადე ქორწილისთვის?

დავიწყებ პოპულარობით – მიუხედავად იმისა, რომ მიუჩვეველი ვიყავი, ხალხისგან იმდენი სითბო და სიყვარული ვიგრძენი და დღემდე გვწერენ, კარგი და სამაგალითო წყვილი ხართო, რომ ძალიან მადლობელი ვარ. ზოგი იმასაც მწერს, რომ მასა და მის მეუღლეს შორის არის ასევე ასაკობრივი სხვაობა, რადგან იციან, რომ ჩემსა და გიორგის შორის 16-წლიანი სხვაობაა და ბედნიერად ცხოვრობენ. მე ყველაფერს ვკითხულობ და ყველას ვპასუხობ. ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ქუჩაში გვაჩერებენ და გვილოცავენ. ამ გამოხმაურების გამო პოპულარობას მარტივად მივეჩვიე.

რაც შეეხება საქორწინო მზადებას, კაბა დათუნა სულიკაშვილმა შემიკერა საჩუქრად და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო.

გიორგი:

ჩემმა მეგობრებმა გაუკეთეს ეს საჩუქარი, დალი ჩიტალაძემ და დათუნა სულიკაშვილმა. ჯვრისწერამდე გვაჩუქეს ყველაფერი.

მარიტა:

გიორგის მეგობრები იყვნენ მთლიანად ჩართულები, მაკიაჟი იქნებოდა თუ ვარცხნილობა. დალი ჩიტალაძის იდეა იყო, რომ მქონოდა ისეთი ვარცხნილობა და მაკიაჟი, რომელიც მე 20-ე საუკუნის 30-იან წლებს მოგვაგონებდა. შემადარეს მერილინ მონროს და ოდრი ჰეფბერნს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

გიორგი:

მარიტას ბევრი ადამიანი ადარებს ჰოლივუდის მსახიობებს. თავიდან, მარიტა რომ ვნახე, ჯერ ფელინის კინოგმირებს ვადარებდი, მათ შორის მსახიობ ჯულიეტა მაზინას, მერე გადავედი რეტროფილმებზე და 50-იანი წლების ფილმებზე, ახლა ენ ჰეტეუეის ვამსგავსებ. აღმოჩნდა, რომ სხვებიც ასევე ხან ვის ადარებენ და ხან – ვის.

გიორგი, მარიტა, როგორია ცხოვრება დაქორწინების შემდეგ?

ძალიან ბედნიერი დღეები გვაქვს… მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ პატარა ბიჭი, 34 წლის ვარ, მაინც პატარა ბიჭად ვგრძნობ თავს. შეიძლება, ბევრი გავიარე ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის პირველი ქორწინებაა და ეს შეგრძნებებიც პირველია.

მარიტა:

ჯვრისწერის დღე დიდი ბედნიერება იყო. ჯვრისწერამდე, რა თქმა უნდა, იყო ბევრი ნერვიულობა და ღელვა. ამ დღის შემდეგ კი, გიორგის მივეკარი დასვენებული, რომ ეს დღეც ჩავატარეთ. ამ დღიდან ბედნიერებისა და სიყვარულის შეგრძნება, რაც მანამდე მქონდა გიორგისთან, კიდევ თავიდან გამიახლდა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი რამე არ შეცვლილა. გვიყვარს ერთმანეთი და ცოლ-ქმრობას განსაკუთრებულად არ აღვიქვამთ.

გიორგი:

სულ ერთად ვართ, სამსახურს თუ არ ჩავთვლით. უკვე ვეღარც წარმომიდგენია სხვანაირად. ნამეტანი არ მოგვივიდეს (იცინიან).

მარიტა:

მეგობრებთან რომ ვარ წასასვლელი და უცებ რომ ვხვდები, რომ ის საათები გიორგის გარეშე უნდა გავატარო, გადავიფიქრებ ხოლმე. ზუსტად ეს იყო ჩვენი დაოჯახების მიზეზი, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვედგინა.

გიორგი:

ერთი თვეა უკვე, ერთად ვცხოვრობთ. ჯვრისწერამდე თანაცხოვრების მომენტი გავიარეთ, მოგვიწია გადაღებებზე რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გამგზავრება და შესისხლხორცებულები შევხვდით ამ დღეს.

მარიტა:

ხომ ამბობენ ხოლმე, რომ ჯვრისწერის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე იმ ადამიანთან ერთადო. გიორგი სწორად მოიქცა, რადგან შემაჩვია თავის ცხოვრებას, მეგობრებს… მთლიანობაში ერთი წელი და ერთი თვეა, რაც ერთად ვართ. დათვლილი მაქვს…

გიორგი:

ჩვენს ურთიერთობას სამ ეტაპად დავყოფდი: პირველი, როცა სოცქსელში გავიცანით ერთმანეთი და მარიტა ჩემს სპექტაკლებს ნახულობდა, თუმცა მხოლოდ ეკრანსა და სცენაზე ვყავდი ნანახი, მეორე ეტაპი იყო ზაფხულში, როცა ერთმანეთი გავიცანით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე ეტაპი იყო, როცა ისევ დაიწყო ჩაკეტვა… ჩვენ რომ ვხვდებოდით ბათუმის შემდეგ ერთმანეთს, სასიყვარულო პულსაცია აჩქარდა, შიში გვიჩნდებოდა, რომ საღამოს ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს… საშვიანი კაცი არ ვარ. ძალიან გვიჭირდა შეხვედრა, ამიტომ მოვლენები დავაჩქარეთ. ერთად დავიწყეთ ცხოვრება ჩემთან სახლში, ოღონდ დაგეგმილი გვქონდა, რომ იანვრის ბოლოს ჯვრისწერა გვექნებოდა. ჯვრისწერამ დააგვირგვინა ორი ადამიანის შეერთება. დანარჩენი რა იქნება, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.

მარიტა როგორი მზარეულია?

მე რომ ვთქვა, რომ მარიტა არის ძალიან მაგარი მზარეული და სასწაულებს აკეთებს, კარგი ჩახოხბილი იცის-მეთქი, არ იქნება მართალი. 18 წლისაა, სკოლა 2020 წელს დაამთავრა და გახდა სტუდენტი… მის სახლში გემრიელობებს აკეთებენ, დედა ჰყავს ოსტატი კულინარიაში, ამიტომაც მარიტამ იმდენი იცის, რაც ამ ასაკში უნდა იცოდეს. წინაა ყველაფერი, რომ ისწავლოს.

მე და მარიტა სხვადასხვა თაობას ვეკუთვნით. პირად ურთიერთობაში ასაკობრივ ზღვარს ვერ ვგრძნობთ, ტოლები ვართ, მაგრამ რაღაც საკითხებში მაინც არის განსხვავება. მე რომ 18 წლის ვიყავი, არ ვიყავი ისეთი, როგორიც ახლანდელი 18 წლის გოგო-ბიჭები არიან. მარიტამ პირველ ინტერვიუზე ისე გახსნილად ისაუბრა, მე რომ მქონდა პირველი ინტერვიუ, ძალიან ვნერვიულობდი, მახსოვს და მარიტას ეს არ ჰქონია.

 

მარიტა, სწავლას სად აგრძელებ?

ხშირად მეკითხებიან, სწავლას ვაგრძელებ თუ არა. გიორგისნაირი განათლებული ადამიანი რომ გყავს გვერდზე, სწავლა უნდა გააგრძელო და მეც ვაგრძელებ ორმაგად დიდი მონდომებით. ზოგადად, ძალიან მომწონდა უფროს ადამიანებთან მეგობრობა. გიორგიც იმიტომ დავამატე მეგობრებში, რომ საინტერესო ტიპაჟი იყო ჩემთვის, განათლებული. მეგობრებადაც რომ დავრჩენილიყავით, მისგან ძალიან საჭირო რჩევებს მივიღებდი.

გიორგი:

დრო რომ გავა, შემრცხვება. მარიტას რომ განათლებულად მივაჩნივარ, ეს კარგია, მაგრამ მერე რომ აღმოაჩენს, რომ არც ისეთი განათლებული ვარ, როგორც მას ჰგონია… (იცინის).

მარიტა:

იმას ვგულისხმობ, რომ ყველა თემაზე შეუძლია სიღრმისეულად საუბარი. საინტერესო მოსაუბრეა და სულ ინტერესით ვუსმენ.

ვაპირებ გაასმაგებულად სწავლის გაგრძელებას. ვარ მომავალი ჟურნალისტი. გიორგის ფონზე მით უმეტეს მინდა, რომ მისი მსგავსი პროფესიონალი გავხდე. გარდა თეორიული საკითხებისა, გიორგი პრაქტიკული თვალსაზრისით მეხმარება. სულ ისეთი კითხვები მიჩნდება, რაც ჩემი პროფესიის შესახებ სიღრმისეულად დამაკვალიანებს. პროფესიულად დიდ განვითარებას ვაპირებ გიორგისთან ერთად, ძალიან მეხმარება.

გიორგი:

მე პროფესიით არ ვარ ჟურნალისტი, ყველამ იცის, რომ მსახიობი ვარ. გავიდა დრო და ტელევიზიაში აღმოვჩნდი საინფორმაციო მიმართულებით, მერე გადავედი ფროდაქშენში და ვარ ტელეწამყვანი, თუმცა დიდი გამოცდილება მივიღე პოლიტიკური გადაცემების წაყვანისას. მარიტას ონლაინლექციებს ხანდახან მეც ვუსმენ ხოლმე. თეორიულ ნაწილს ვისმენ, თუმცა ვხვდები, რომ უნივერსიტეტის გარეშეც მისწავლია ეს ყველაფერი. ვოტერგეიტის სკანდალს გადიოდნენ და ფილმი ვნახეთ, შემდეგ განვიხილეთ, შედარებები გავაკეთეთ… სულ ასეთი საუბრები გვაქვს. ჩემი გადაცემის დაგეგმვებსაც ისმენს და ვფიქრობ, ეს მომავალში, ალბათ, გამოადგება.

 

ქორწილს დავუბრუნდეთ. რა საჩუქრები მიიღეთ?

ვიცოდი, რომ ამას მკითხავდი. ძალიან ბევრნაირი საჩუქარი მივიღეთ და ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ განსაკუთრებულად მოგვეწონა მაკა შალიკაშვილის ნაჩუქარი „ვეფხისტყაოსნის“ საოცარი გამოცემა.

მარიტა:

ძალიან ლამაზი ბეჭდები, სამკაულები, ვაუჩერები მივიღეთ. მოგვეწონა ნახატი, რომელიც ამ დღისთვის გვისახსოვრეს.

გიორგი:

ლევან ჭაბუკიანის ნახატი გვაჩუქეს, რომელიც ძალიან მოგვეწონა. ასევე კარგი ყოფილა, ვაუჩერებს რომ გჩუქნიან, რასაც გინდა, შეარჩევ. ბევრი კომპანია გვიგზავნის საჩუქრებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ვათავსებთ. „ქრაუნ პლაზამ“ გვისახსოვრა ხუთდღიანი დასვენება ბორჯომში, სადაც არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ.

კომპანიები ახსენეთ და ინფლუენსერ წყვილად ყალიბდებით?

მსახიობი და ტელეწამყვანი რომ ხარ, თავისთავად, პოპულარული უნდა იყო. ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. შემოთავაზებები მოდის და ინფლუენსერობა და რაღაცის რეკლამა საინტერესო საქმეა. ჩემთვის ეს ახალი არ იყო, მაგრამ მარიტას მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. ტელეფონი რომ ვიყიდეთ ახალი, ხალხს აინტერესებდა, ძირითადად, ახალგაზრდებს, რა ტელეფონი იყო. ბუნებრივად მოხდა, რომ ინფლუენსერი წყვილი გავხდით. ჩვენს ერთ ლაივს ნახევარი მილიონი ნახვა ჰქონდა… სოციალურ ქსელში საკმაოდ მოთხოვნადები ვართ.

 

მარიტა, ასეთი პოპულარული ბიჭის გვერდით ეჭვიანობის მომენტები არის?

თევზები ვარ და ბუნება მაქვს ეჭვიანი, გიორგი მორიელია და მასაც აქვს ეს თვისება, მაგრამ ნაკლებად გაგვჩენია ერთმანეთის მიმართ. გიორგის გადაცემაში ისეთი ფორმატია, რომ ფლირტი იქნება თუ სხვა რამ, ამას შეიძლება ფორმატი მოითხოვდეს. გიორგის ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს, საკუთარ დედას, ამიტომ მის მიმართ არანაირი ეჭვი არ გამჩენია. იმას ვგულისხმობ, რომ დედას ენდობი ყველაზე მეტად ადამიანი. რაც გავთხოვდი, ეს ფუნქცია გიორგიმ შეითავსა. ვიცი, რომ ვუყვარვარ და ამით დამთავრებულია ყველაფერი. არ მაეჭვიანებს და არც მე ვაეჭვიანებ.

გიორგი:

თუმცა უნდა ვთქვა, სანამ თანაცხოვრებას დავიწყებდით, იყო მარიტას მხრიდან ეჭვიანობის გამოვლინებები. თუნდაც ვიღაც მომესალმა ქუჩაში და მარიტას დააინტერესა, ასე თბილად რომ მომესალმა, ის გოგო ვინ იყო. იყო ერთი-ორი მომენტი, მივხვდი, რომ ეჭვიანი ბუნება აქვს, მაგრამ თანაცხოვრებისას, როცა 24 საათი ერთად ხართ, ან პათოლოგიურად ეჭვიანი უნდა იყო და ეს აქამდე გამოვლინდებოდა, ან ადამიანი ცუდად უნდა იქცეოდეს. ჩვენ შემთხვევაში არც ერთია და არც მეორე. რა ვიცი, რა გითხრათ, ძალიან კარგად ვართ…

რა გაქვთ ჩაფიქრებული, წლების შემდეგ როგორი ოჯახი გექნებათ?

ჩვენ გვინდა გვყავდეს შვილები, ვიცხოვროთ ერთად და ვიმოგზაუროთ ბევრი. ასევე გვინდა, ჩვენს პროფესიაში ან ერთად გავაკეთოთ რაღაცები, ან თუ ამის საშუალება არ გვექნება, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს.

მარიტა:

პროფესიული განვითარება და შვილები… ჩვენთვის ოჯახიც მნიშვნელოვანია და კარიერაც.

გიორგი:

აფხაზეთში ყველაფერი რომ დავტოვეთ და დევნილად ვიქეცი, იმ დროიდან მოყოლებული ვამბობდი, რომ ჯერ უნდა განვავითარო ჩემი კარიერა და შემდეგ შევქმნა ოჯახი-მეთქი. კი არ დავგეგმე, როგორც ჩანს, ეს მიდგომა მქონდა და ისე ვიცხოვრე, რომ ასე გამოვიდა. ჩემს ტვინში ეტაპებად მქონდა დალაგებული. ახლა, როცა დავოჯახდი, უკვე არანაირი რადიკალური მიდგომა არ მაქვს, როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება.

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები