როგორ უნდა მოხდეს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობათემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

„დღეს ისეთ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, როგორიც წყლულოვანი დაავადებებია. საქართველოში წყლულოვანი დაავადებები ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. დღეს ძირითადად მკურნალობაზე ვისაუბრებთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში წყლულოვან დაავადებებს როგორც წესი პრაზოლების ჯგუფის მედიკამენტებით, მაგალითად „ომეპრაზოლით“ მკურნალობენ, რაც არასწორია. არასწორ მკურნალობას კი ცუდ შედეგებამდე მივყავართ. შეიძლება ადამიანი სისხლდენის გამო კლინიკაშიც მოხვდეს.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ძალიან გავრცელებულია. ამ დროისათვის მსოფლიოში იგი 90 მილიონ ადამიანზე მეტს აქვს. რატომღაც ითვლება, რომ წყლულების დიდი ნაწილი კუჭში მდებარეობს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. როგორც წესი, წყლულები თორმეტგოჯა ნაწლავში ჩნდება. წყლულების დაახლოებით 75% თორმეტგოჯა ნაწლავში გვხვდება, 25%-ში კი უშუალოდ კუჭში.

რა იწვევს წყლულის გაჩენას?

საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ წყლულის გაჩენას იწვევს ცხარე საკვები. არადა სინამდვილეში მისი გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევებში არის ჰელიკობაქტერ-პილორი. ამ ბაქტერიას გააჩნია ფერმენტი ურიაზა, რომლის საშუალებითაც იგი კუჭში არსებული მარილმჟავასგან თავს იცავს. წესით კუჭში არსებული მარილმჟავა ბაქტერიებს ანადგურებს, მაგრამ ამ ფერმენტის საშუალებით ჰელიკობაქტერია ახერხებს თავის დაცვას. ასეთ დროს პაციენტებს ხშირად უნიშნავენ მხოლოდ მჟავიანობის დასაქვეითებელ საშუალებას, რაც არასწორია, რადგან დაბალი მჟავიანობის მქონე გარემო ჰელიკობაქტერიისათვის გაცილებით ხელსაყრელია. წყლულოვანი დაავადების დროული და სწორი მკურნალობა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წყლული შესაძლოა სისხლდენით გართულდეს. სისხლდენის გარდა შესაძლოა მოხდეს პერფორაცია, ანუ კედლის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედლის გარღვევა და საბოლოოდ სიმსივნის ჩამოყალიბება. კუჭის წყლულისგან განსხვავებით, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები როგორც წესი,  სიმსივნეში არ გადადის.

როგორ ვუმკურნალოთ სწორად წყლულოვან დაავადებას? – მკურნალობაში დიდ როლს თამაშობს ანტიბიოტიკები. მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლება სამმაგი თერაპია, რაც გულისხმობს ერთდროულად მჟავიანობის დასაქვეითებელი საშუალებების, „კლარითრომიცინის“ და „ამოქსაცილინის“, ან „მეტრონიდაზოლის“ კომბინაციას.

„კლარითრომიცინი“ ჰელიკობაქტერიის ცილების სინთეზს აქვეითებს და მის გამრავლებას უშლის ხელს. „ამოქსაცილინი“ აზიანებს ბაქტერიის კედლებს, ხოლო „მეტრონიდაზოლი“ მის დნმ-ს.

როგორც ხედავთ, მკურნალობისათვის გამოყენებულია სამი პრეპარატი : ერთი მჟავიანობის დასაქვეითებელი საშუალება და ორი ანტიბიოტიკი. სწორედ ამიტომაც მკურნალობის ამ მეთოდს სამმაგი თერაპია ეწოდება.

როგორი უნდა იყოს მკურნალობის ხანგრძლივობა? – კურსის ხანგრძლივობა 7-14 დღეა. საუკეთესო შედეგს ორკვირიანი კურსი იძლევა. ერთკვირიანი კურსი საკმარისად ეფექტური არ არის, მაგრამ თუ მკურნალობა ორ კვირას გაგრძელდა, წარმატებას შემთხვევათა 90%-ში მივაღწევთ.

იმ 10%-ში, რომელშიც სამმაგი თერაპია არ იქნება წარმატებული, საჭიროა უკვე ოთხმაგი თერაპია, რაც გულისხმობს იმას, რომ მჟავიანობის დამაქვეითებელ საშუალებას და „კლარითრომიცინს“ ემატება არა ერთ-ერთი „ამოქსაცილინიდან“ და „მეტრონიდაზოლიდან“, არამედ ორივე.  თუ ადამიანი არ არის მგრძნობიარე „კლარითრომიცინის მიმართ“, ის შესაძლოა ჩავანაცვლოთ „ტეტრაციკლინის“ ჯგუფის პრეპარატით. ასევე შესაძლოა გამოყენებული იყოს ბისმუთის ციტრატი.

წყლულოვან დაავადებათა მკურნალობა თვითნებურად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, არ ვასახელებ დოზებს. აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს, რომელიც პრეპარატებს შესაბამისი დოზით დაგინიშნავთ. ამ პრეპარატებს, მაგალითად „კლარითრომიცინს“ აქვს უამრავი გვერდითი ეფექტი, მან შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, არითმიები, სიყვითლე და ა.შ. ამიტომ თვითნებურად ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს.

თუ გვაწუხებს წყლულოვანი დაავადება, თავი უნდა დავანებოთ თამბაქოს მოწევას, რაც ხელს უშლის წყლულის შეხორცებას. თავი უნდა დავანებოთ ასევე ალკოჰოლის მოხმარებას და დიდი სიფრთხილით,  მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მივიღოთ არასტეროიდები.

მოერიდეთ ცხარე საკვების მიღებასაც, რომელიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

ვიდრე მკურნალობის კურსი დაინიშნება, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა ჰელიკობაქტერიაზე, რადგან მკურნალობის მოცემული მეთოდი მხოლოდ მასთან ბრძოლაშია ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებათა უმეტესობას სწორედ ჰელიკობაქტერ-პილორი იწვევს, ის დაავადებათა 100%-ის გამომწვევი არ არის. შეიძლება წყლული გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც, მაგალითად მწეველობით, მძიმე სტრესით ან გასტრინომით, პანკრეასის სიმსივნით, ღვიძლის ციროზით და ა.შ. ამიტომ პირველ რიგში აუცილებლად დარწმუნდით, რომ წყლულის გამომწვევი ჰელიკობაქტერიაა.“

Ad desktop banner Ad mobile banner

მსგავსი თემები