LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობისაკენ მოუწოდა

image_750x_5b50a56be915a

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს იგორ დოგლოვს შეხვდა და აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია პირადად უკრაინელი დიპლომატისგან მოისმინა.

გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობის აუცილებლობისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქერჩის ყურეში განვითარებული მოვლენები უაღრესად საშიში ფაქტია და ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ახალ ფორმებს იძენს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, აზოვის ზღვაში წუხელ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი პირველივე წუთიდან საქმის კურსშია და იღებს ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები.

„ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ცხადია საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც შეეხება მომხდარს, ეს არის უაღრესად საშიში ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ გაუმახვილებია პარტნიორების ყურადღება შავი ზღვის დაცულობის აუცილებლობაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სახმელეთო ოპერაციებით, ოკუპაცია საფრთხეს უქმნის უკვე საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები იყოს აღკვეთილი და ეს იყოს განხილული არა როგორც ცალკეული პრეცედენტი, არამედ ნათლად იყოს დანახული ის საფრთხეები, რომლებიც იმალება ამ ქმედების უკან და რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად საფუძვლებს, ისე კონკრეტულად ამ რეგიონში უსაფრთხოებას,“ – განაცხადა ფხალაძემ.

უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები