LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ოთხმეზური პოლიტიკაში მიდის

1043
გიორგი-ოთხმეზური

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული, ასლან ბეჟანიძის მიერ მოკლული დავით ოთხმეზურის მამა, პოლიტიკურად გააქტიურებას აპირებს. გიორგი ოთხმეზური დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, გია ჟორჟოლიანს, შეხვდა და პოლიტიკურ თანამშრომლობას სწორედ მასთან ერთად გეგმავს.

“გია [ჟორჟოლიანი] მეგობარია ჩემი დიდი ხნის. წესიერი კაცია. აზრიანი კაცია. საკმაოდ კარგი პროგრამა აქვს, კარგი აზრები აქვს ძალიან და მე ყველანაირად შევეცდები, რომ მხარი დავუჭირო. სხვა რამეზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა. ამის გამო ვიყავი დღეს გიასთან პარლამენტში მისული,” – ამბობს ოთხმეზური ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟორჟოლიანის თქმით, სურს რომ შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს “ჩააჩოჩებს”.

“ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და, მე მგონი, ჟორჟოლიანის პარტია შეძლებს გარკვეული დოზით, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა,”- თქვა ოთხმეზურმა.

გარდა ამისა, გიორგი ოთხმეზურმა პარლამენტში, გია ჟორჟოლიანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი არ ყოფილა შეწყალების საქმეზე და ამ თემაზე კომენტარს აღარ აკეთებს.

გიორგი ოთხმეზური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული, ასლან ბეჟანიძის მიერ მოკლული დავით ოთხმეზურის მამაა.

შეგახსენებთ, 18 წლის დათო ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს. მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები