LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიყვარდეთ საქმე, რომელსაც ემსახურებით“ – ბიზნესმენის ისტორია

881
nugzarshvelidzenews

რუბრიკაში „ბიზნესმენის ისტორია“ წარმოგიდგენთ ბიზნესმენ „ტიფანი ბარის“ დამფუძნებელს ნუგზარ შველიძეს.

ბიზნესი:

ჩვენი ოჯახის ბიზნესი 15 წლის წინ სტუმარმასპინძლობისა და სარესტორნო ბიზნესით დაიწყო. 2005 წლიდან გაიხსნა სასტუმრო „რივერსაიდი“, შემდეგ კი დავიწყეთ განახლების პროცესი.

ამჟამად ვმართავ „ტიფანი ბარს“. ბარის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს გამიჩნდა, ჩვენი გუნდის სურვილი იყო და გვინდოდა საქართველოში შეგვექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის კვების დაწესებულება, რომელიც გამორჩეული იქნებოდა არსებული რესტორნებისა თუ ბარებისაგან, როგორც ინტერიერით, ასევე დიზაინით, ხედვითა და სამზარეულოთი. 2013 წელს ჩვენ ქვეყანაში სავსებით რეალური იყო ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება კვების სფეროში. იმ პერიოდში არსებული ბაზრის ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ საინტერესო იქნებოდა, თუკი ქართველ მომხმარებელს შევთავაზებდით რაღაც ახალს და ექსკლუზიურს. სტილის და ინტერიერის შექმნის პროცესში მთელი ჩვენი გუნდი აქტიურად იყო ჩართული. იმ პერიოდში თბილისში არსებულ კვების ობიექტებში დომინირებდა მეტწილად მუქი ფერები, შესაბამისად  გადავწყვიტეთ ტიფანი ბარი ძალიან ნათელი და ჰარმონიული ყოფილიყო. საკმაოდ დიდი რისკი იყო თუ როგორ მიიღებდა ქალაქი განსხვავებული კონცეფციის რესტორანს, მაგრამ გაამართლა, ავეჯი სპეციალური შეკვეთით დამზადდა, დიდხანს ვეძებდით შესაფერის ჭაღებს, საკმაოდ რთული ასაწყობი აღმოჩნდა თავად ბარი, რომელზეც უამრავი პატარა დამუშავებული სარკე დიდი ოსტატობის შედეგად მაგრდებოდა. საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო დიზაინის და მენიუს მქონე ბარი მივიღეთ, რომელიც განსაკუთრებით შეუყვარდათ მანდილოსნებს.

გუნდი:

2014 წლის 9 დეკემბერს ტიფანი ბარი ოფიციალურად გაიხსნა, ხოლო მეორე რესტორანი – „ტიფანი ტერასა“ 2017 წლის გაზაფხულზე  სასტუმრო რივერსაიდის ბოლო სართულზე. რაც შეეხება სამზარეულოს, ამ მხრივ საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ. საერთო ჯამში ორივე რესტორანში სამზარეულო მეტწილად ევროპულია, თუმცა როგორც ბარში, ასევე ტერასაზე ქართული კერძების ძალიან საინტერესო ვარიაციებსაც ვთავაზობთ სტუმრებს.

გუნდი, რომელთანაც ვმუშაობ, საკმაოდ მაღალი კლასის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და ეს უმთავრესია ბიზნესის წარმატებისათვის. გუნდის დამსახურებაა, რომ 2018 და 2019 წელს წელს ტიფანი ბარი და ტერასა ცნობილი ფრანგული სარესტორნო გზამკვლევის – Gault&Millau- რჩეული გახდა.

ასევე, უკრანაში ჩატარებულ ძალიან ცნობილ სტუმართმაპინძლობის ღონისძიებაზე International Hospitality Awards 2016 და 2017 წელს ჯერ ტიფანი ბარი მოხვდა ევროპის 7 ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ლობბი ბარების სამეულში, ხოლო ტერასა – ევროპის 12 ქვეყანას შორის საუკეთესო ხუთეულში, რაც დამოუკიდებელი ქართული ბიზნესისათვის  ძალიან დიდი მიღწევაა.

უმნიშვნელოვანესია საქმისადმი მიდგომა, რათა პროდუქტის ხარისხი არ შეიცვალოს უარესობისკენ, რაც ქართული კვების ობიექტების უმთავრესი თავის ტკივილია. მუდმივად უნდა ხდებოდეს მომსახურების დახვეწა, სიახლეების დანერგვა, პროფესიული ტრენინგები და არსებულ გარემოზე მორგება. 2020 წლის დასაწყისში წარმოჩენილმა პანდემიამ ძალიან დააზარალა სტუმართმასპინძლობის სფერო, თვეების მანძილზე გააჩერა კვების ობიექტები, მაგრამ ნელ-ნელა ვიმედოვნებ, რომ მოხდება აღდგენა და შემდეგი წლიდან ძველ ნიშნულებზე დაბრუნდება.

2020 წელს ალბათ ნაკლებად იქნება დიდი და საინტერესო გარღვევები სარესტორნო ბიზნესში, მაგრამ შემდეგი წლიდან ვიმედოვნებთ, თბილისი ბევრ ახალ და საინტერესო ობიექტს შეიმატებს გასტრონომის სფეროში.

რჩევა:

მთავარი რჩევა დამწყენებისთვის იქნება შემდეგი: გიყვარდეთ საქმე, რომელსაც ემსახურებით, არ შეგაშინოთ სირთულეებმა და მისდიეთ დასახულ მიზანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები