LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში გზები კეთდება, სოლოლაკში ქვაფენილი

280
Capturesss

დედაქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გლდანში, სხვადასხვა მისამართზე, გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, ხერგიანის ქუჩაზე დაახლოებით, 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები.

სამუშაოებისთვის გლდანის გამეგეობამ ბიუჯეტიდან 195 665 ლარი გაითვალისწინა.

მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე კი საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 4 422 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, სადაც ორი ფენა ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოებისთვის 281 591 ლარია გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთაწმინდის რაიონშიც გრძელდება. სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ასევე, მოეწყობა ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 900 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

“რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წელია არ მოწესრიგებულა. არსებული რიყის ქვა დაზიანებული იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა. უახლოეს მომავალში მათ ეს პრობლემა მოუგარდებათ. ჩვენ კი წლის განმავლობაში, მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს რამდენიმე მისამართზე განვახორციელებთ”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

ამასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადება გაავრცელა:

“გეგმური სამუშაოების გამო, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება. საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს.
აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი.”

 

დაბოლოს, თბილისის მერიაში მოქალაქეთა მისაღებში სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა. კორონავირუსთან დაკავშირებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებშიც ტარდება.

“ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება ყველა სერვისცენტრის, მათ შორის, მერიის მოქალაქეთა მისაღების სადეზინფექციო სამუშაოები. მუნიციპალური სივრცეები, სადაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, იქნება სათანადო წესით დამუშავებული”, – განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები