ანსამბლ „გორდას“ წევრი ხუთი ბავშვი და ორი მშობელი ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.

როგორც “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი საქართველოში „აირზენას“ რეისით 21:30 საათზე გამოფრინდებიან.

ამასთან, მათივე ცნობით, ისრაელის აეროპორტის ტერიტორიაზე საემიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში მყოფთა ნაწილი, ცხრა ადამიანი, საქართველოში 17 აპრილს გამოემგზავრება.

„მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხუთი ბავშვი და ორი მშობელი დღეს საქართველოში დაბრუნდებიან. ბილეთები ისრაელის მხარემ შეიძინა. ჩვენი თხოვნით ჩართული იყო საქართველოს ავიახაზები. დღეს „აირზენას“ რეისით 21:30 საათზე გამოფრინდებიან საქართველოში. აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვების ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან.

ისრაელში ცხრა ადამიანი რჩება და ისინი 17 აპრილს გამოემგზავრებიან – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდას“ 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ.

უწყების ცნობით, მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა, რომ ანსამბლ „გორდას“ ისრაელში საბავშვო ფესტივალზე ხუთი ბავშვი მიჰყავდა, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები იყვნენ.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები