LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი მტკვარში გადააგდეს – სასტიკი მკვლელობის გამო 5 პირია დაკავებული

73
დფგჰეტ

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5 პირი დააკავეს, მათ შორის 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

“2002 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 2004 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, 2001 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 1997 წელს დაბადებული ვ.ო. პოლიციამ დააკავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებულ ტ.კ.- ც შეუერთდა.

ბრალდებულებმა მოგვიანებით, ტ.კ.-სთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად, ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და ტ.კ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ. -მ ტ.კ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”,- აცხადებს უწყება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბრალდებულის სახით დაკავებული ვ.ო., თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები