LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის საწინააღმდეგო აცრა 1-ელ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება – ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, შეიძლება თუ არა კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთდროულად გაკეთება

289
1594385031-zaxaSvili

საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პირველ დეკემბრამდე უფასოდ შეეძლება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვაქცინის გაკეთება 6 თვის ზემოთ ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

„წელს მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდულია 200 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინა.

თავდაპირველად ვაქცინაცია დაიწყო მაღალი რისკის ჯგუფებში, რომელთა აცრაც ძალიან საშური და სასწრაფო იყო.

გუშინდელი დღიდან, გამონაკლისი წესის სახით 1-ელ დეკემბრამდე დაშვებულია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც მიმართავს ამცრელ პუნქტებს.

გრიპის ვაქცინა ნებადართულია ზოგადად, 6 თვიდან ზევით ასაკის ნებისმიერი ადამიანისთვის.

არანაირი შეზღუდვა კორონავირუსის გადატანის შემდგომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებაზე არ არსებობს. შესაძლებელია როგორც კი გამოჯანმრთელება დადგება, ექიმის მიერ იქნება დადასტურებული გამოჯანმრთელების დადგომის ფაქტი, ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს გრიპის ვაქცინა.

საქართველოში, ჩვენთან მოქმედი წესის მიხედვით, შესაძლებელია კორონავირუსის და გრიპის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს ერთდროულად, სხვადასხვა ადგილას კეთდება ორივე მხარში, ერთ მხარეს გრიპის ვაქცინა, მეორე მხარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ან შეიძლება აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის ინტერვალით,“-აღნიშნა ზახაშვილმა.

რაც შეეხება „ფორტუნას“ კითხვას, როგორია აქტივობა გრიპის ვაქცინაციის მსურველების მხრიდან და ხომ გეგმავენ, რომ მოქალაქეებს 1-ელი დეკემბრის შემდეგაც ჰქონდეთ აცრის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა, ხათუნა ზახაშვილმა განმარტა:

„სავარაუდოდ, 1-ელი დეკემბრის მერე ისევ დავუბრუნდებით თავდაპირველ რეჟიმს, როდესაც მაღალი რისკის კატეგორიებისთვის იყო გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი და განსაკუთრებით მაღალი რისკის კატეგორიისთვის დარჩება გარკვეული მარაგი, რომლითაც შეეძლებათ მათ ვაქცინაცია ამ სეზონის დასასრულამდე.

ამჟამად როგორც ვიცით, 105 000-მდე ადამიანი არის უკვე აცრილი გრიპის წინააღმდეგ,“-აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები