• 2 ათასი წლის განმავლობაში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია;
  • საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად – ეროვნულ დღესასწაულს.
  • სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს.
  • ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა.

 

ეს ყველაფერი კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომლითაც საქართველოში წილხვდომილობის დღე დაკანონდა. განმარტებითი ბარათის თანახმად, ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას – იმედის დღე.

თუმცა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რელიგიურობასა და რწმენას დამატებითი არგუმენტები არ სჭირდება და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებიც გასათვალისწინებელია. გია მურღულიასთვის გაუგებარია, ნიშნავს თუ არა წილხვდომილობა რაიმე უპირატესობას და თუ ეს ასეა, როგორ ეთანხმება ეს ქრისტიანობის პრინციპებს.

“რას ვეტყვით ქართველები ერთმანეთს ამ დღეს? ნუთუ ამას: გილოცავთ, რომ სხვებს ვჯობივართ!

ქრისტიანს უნდა სწამდეს, რომ ღვთისმშობელი განურჩევლად ყველას მფარველია – თანაბრად და სამუდამოდ”, – წერს გია მურღულია.

 

წილხვდომილობის ოფიციალურად გამოცხადებას აკრიტიკებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელიაც.

“რა დონის ფსკერი უნდა იყო, რომ გეგონოს, რომ წილხვდომილობა (რა სიტყვაა!) შენ, პარლამენტარმა უნდა დააკანონო ოფიციალურად, თორემ ისე არაოფიციალური და უკანონო გამოდის და ტეხავს. ასეთი კრებითი კვიციანი პარლამენტში ბოლოს როდის გახსოვთ?”– წერს ნინო დანელია.

ძვირი წილხვდომილობა  

საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 900 000 ლარამდე გამოყო. ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 ათასი ხატის და 150 ათასი ბროშურის ბეჭდვაზე, დიზაინის მომსახურების შესყიდვასა და დარიგებაზე 48 400 ლარი დაიხარჯა. წილხვდომილობასთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები ჩატარდა.

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა და მას მთავრობის წევრები დაესწრნენ.

 

 

საზოგადოების ნაწილი წილხვდომილობის ღონისძიებებში თანხების ხარჯვას არასწორ ნაბიჯად აფასებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო. სოციალურ ქსელში გაეროს კვლევაც გაიხსენეს, რომელსაც სხვათა შორის როგორც ამბობდნენ, მაშინდელი პრემიერიც”შეეწირა”, ყოველ შემთხვევაში დაახლოებით ასეთი იყო გზავნილი, რომელსაც ოფიციალური პირები აჟღერებდნენ.

“გშია?.. იცეკვე!

“კვლევის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს მოსახლეობის 21.7 პროცენტი, ბავშვების 27.6 პროცენტი და პენსიონერების 17.6 პროცენტი.”
საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის
კვლევა, 2018 წლის ოქტომბერი”, – ასეთია ფსიქოლოგ ჟანა ჯავახიშვილის მოსაზრება.

 

მშიერ ადამიანზე ღმერთის სახელით მოქმედება – ასე აფასებს წილხვდომილობის დღის აღნიშნვნას უფლებადამცველი ანა არგანაშვილი.

“როგორი არაეთიკურია მშიერ ადამიანზე ღმერთის სახელით იმოქმედო. იმიტომ კი არ გშია, რომ მთავრობა არ მუშაობს, იმიტომ, რომ ღმერთის ნებაა ასეთი და მთავრობა ახლა კონცერტებს ჩაატარებს, იქნებ ღმერთმა საჭმელი მოგვცეს. თორემ, ჩვენ რა შეგვიძლია, ერთი უბრალო მთავრობა ვართ, ჩვენ მარტო კონცერტებს ვატარებთ.

აზროვნების განვითარებაში ადამიანი სიმბოლურ და ლოგიკურ აზროვნებამდე სანამ მივიდა, ხატოვანი აზროვნების ფორმა რომ იყო, გამოქვაბულის ნახატებით.აი ეგ…”– წერს ანა არგანაშვილი.

თემა გაიხსნა ასევე ფორუმზეც, სადაც წილხვდომილობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით  მოსაზრებებს შეგიძლიათ გაეცნოთ.

კატეგორიები: ანალიტიკა
თაკო ივანიაძე
ავტორი