LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს მექანიზმი, რომ რუსეთში საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდეს – რუსი სენატორი

klishasi

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სავარაუდოდ, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ რუსეთის პარლამეტის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კლიშასმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსი სენატორის განცხადებით, „რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმად, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები შეიძლება არ აღსრულდეს რუსეთის ტერიტორიაზე“.

„აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეს მექანიზმი რამდენჯერმე გამოვიყენეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება საუბარი რუსეთის პოზიციაზე, ყველა გარემოების გათვალისწინებით,“ – აღნიშნა მან.

ასევე, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს მიაჩნია, რომ რუსეთმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე,

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში. ჩვენ არ აგვირჩევია ადამიანის უფლებათა ეს მოსამართლეები. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები,“ – აცხადებს ალექსეი ჩეპა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

პოპულალურები