LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვჭირდება გრძელვადიანი ინიციატივები, რათა მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივა აღვადგინოთ: ჟოზეფ ბორელი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე

70
borrell

“ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი ინიციატივები კონფლიქტის დინამიკის შესასუსტებლად და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივის აღსადგენად.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მას შემდეგ დაწერა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა.

ჟოზეფ ბორელსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, მათ პალესტინა-ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს და იმ გზებზე ისაუბრეს, რომელიც ხელს შეუწყობს კრიზისის განმუხტვას:

“სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ვისაუბრე, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირსა და აშშ-ს, ერთობლივად შეიტანოს წვლილი ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულებასა და დაძაბულობის განმუხტვაში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი ინიციატივები, რომ კონფლიქტის დინამიკა შევასუსტოთ და ყველასათვის მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივა აღვადგინოთ.” – დაწერა ბორელმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, პალესტინა-ისრაელს შორის განვითარებული მოვლენების შედეგად, განახლებული ინფორმაცია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ციფრებში ასე  გამოიყურება:

ორშაბათს დაწყებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 212 პალესტინელი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალია დაღუპული. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, გასული კვირის ორშაბათიდან “ჰამასმა” და სხვა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით 3 350 რაკეტა გაუშვეს, მათგან 200 – მხოლოდ გუშინ.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შედეგად, ღაზაში 212, ისრაელში კი 10 ადამიანი დაიღუპა