LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვექნება რეკომენდაციები კომპანიებისთვის და უწყებებისთვის, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ბაზრის კიდევ უფრო მეტი გახსნილობა: ირაკლი ლექვინაძე წამლის გაზრდილ ფასზე

93
ლექვინაძე 2

წამლების გაზრდილ ფასსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს 2019 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანიც ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების შეფასებაა.

ზოგიერთ წამალზე 300 და 400 %-იანი ფასნამატია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია: ღარიბაშვილი

ლექვინაძის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას რამდენიმე მიმართულებით აფასებს. ესენია: ზოგადი ბაზრის ეკონომიკური ანალიზი, საქართველოში 6 ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტზე ფასწარმოქმნის ანალიზის წარმოება და არსებული კანონმდებლობის ანალიზი და მისი შეფასება.

ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ მონიტორინგის შედეგებში აისახება რეკომენდაციები, თუ სად ხედავენ ისინი პრობლემურ მიმართულებებს და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბაზარი გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი.

ჩვენ ვაწარმოებთ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს 2019 წლიდან, შეფასების პერიოდი მოიცავს 2016-2020 წლის პერიოდს. ჩვენი მონიტორინგის მიზანია რამდენიმე მიმართულებით შეაფასოს ვითარება ფარმაცევტულ ბაზარზე, პირველი – ეს არის ზოგადი ბაზრის ეკონომიკური ანალიზი, თუ როგორია ბაზარზე არსებული სტრუქტურა, კონცენტრაციის მაჩვენებლები, არიან თუ არა დომინანტები და ახდენენ თუ არა ეს დომინანტები ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

მეორე მიმართულება – ეს არის 6 შერჩეული ჯგუფის მედიკამენტები, რომელიც საქართველოს პირობებში ყველაზე მოთხოვნადია. აღნიშნულზე ჩვენ ვაწარმოებთ ფასწარმოქმნის ანალიზს. ამ ნაწილში, საბაზრო ფაქტორების გარდა, რომელიც განაპირობებს წამლის გაძვირებას, არის თუ არა რაიმე არასაბაზრო ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა კონკურენციის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს რაც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა მარჟებთან დაკავშირებით, რეალურად არის კონტრასტული მარჟები, საკმაოდ მაღალი რიგ შემთხვევებში, რაც შესაძლოა სხვადასხვა საბაზრო ფაქტორით იყოს განპირობებული. ჩვენი მიზანი ამ ნაწილში ეს იქნება, რომ ამ მიმართულებით გავერკვეთ.

მესამე მიმართულება – არის არსებული კანონმდებლობის ანალიზი და მისი შეფასებაა. რამდენად უწყობს ის ხელს, რომ ბაზარი იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო მეტად გახსნილი, რადგან გახსნილი ბაზარი ნიშნავს უფრო მეტ კონკურენციას და უფრო მეტ ალტერნატივას მომხმარებლისთვის სხვადსხვა ტიპის მედიკამენტებზე, მათ შორის „ჯენერიკებზე“, შემცვლელებზე თუ ა.შ. რომლებიც სხვა საფასო სეგმენტში შეიძლება იყვნენ და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი დანაზოგის შემქნელი შეიძლება გახდეს.

ასე სისტემურად ვუყურებთ ამ საკითხს. საბოლოოდ ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს რეკომენდაციებში, როგორ და სად ვხედავთ პრობლემურ მიმართულებებს და რა არის რეკომენდაციების სახით იმისთვის, რომ ბაზარი გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი. ამის შემდგომ ჩვენ გვექნება რეკომენდაციები კომპანიების და უწყებების მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ბაზრის კიდევ უფრო მეტი გახსნილობის მიღწევა. 

როდესაც მონიტორინგის შედეგები გახდება ცნობილი, კონკურენციის სააგენტო გარკვეულ მაგალითებს და კონკრეტულ „ქეისებს“ წარმოადგენს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პოპულალურები