LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა საკუთარ სახლში გახსნილი კაბინეტიდან – სტომატოლოგიური კლინიკების ქსელამდე – ბიზნესმენის ისტორია

1373
giorgi-qochiashvili-news

რუბრიკაში ,,ბიზნესმენის ისტორია” გთავაზობთ ბიზნესმენ გიორგი ქოჩიაშვილის ისტორიას.

გიორგი ქოჩიაშვილი: სტომატოლოგიური კლინიკების ქსელის “დენსი” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ა.შ.შ-ს სტომატოლოგთა ასოციაციის ( ADA) წევრი, მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის (FDI) წევრი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის (GIA) ვიცე-პრეზიდენტი.

სტუდენტობა და პირველი ნაბიჯები კარიერაში:

გიორგი ქოჩიაშვილის სამედიცინო კარიერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაიწყო. საბჭოთა პერიოდში სამედიცინო საქმიანობა ხორციელდებოდა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში. იმდროინდელი რეგულაციებით, სტომატოლოგიური საქმიანობა შესაძლებელი იყო სახელმწიფო კლინიკის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით აირჩია სტომატოლოგიური ფაკულტეტი.
1990-იანი წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე გიორგი ქოჩიაშვილმა გადაწყვიტა კერძო პრაქტიკასთან ერთად, სამედიცინო საქმიანობა განეხორციელებინა საქართველოს თავდაცვის ძალებში. იგი ემსახურებოდა ჯარისკაცებს, ასევე, საპატიმროში მყოფ მსჯავრდებულებს, ვინაიდან უსაფრთხოებისა და დაავადების რისკის გათვალისწინებით, ბევრი ექიმი ციხეებში პატიმრების მკურნალობას თავს არიდებდა. სწორედ ამ პერიოდში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, 1985 წელს, 23 წლის ასაკში, კაბინეტი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გახსნა, სადაც მომსახურებას უწევდა პაციენტებს.

„ასპირანტურის ფარგლებში, თემის ხელმძღვანელთან, ბატონ ომარ ნემსაძესთან (თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი, მედიცინის დოქტორი) ერთად გავემგზავრე ქალაქ პეკინში საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი მეცნიერები, მათ შორის ერთი-ერთი მომხსენებელი იყო შვედი მეცნიერი გუნტერ ფელდმანი, რომელთანაც მალევე დავმეგობრდი და მიმიწვია შვედეთში“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

სწორედ იქ გაეცნო გიორგი ქოჩიაშვილი მსოფლიო მიღწევებს სტომატოლოგიაში. სტოგჰოლმში მიღებული ცოდნის საფუძველზე იგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში დანერგა დენტალური იმპლანტაცია და დაიწყო ამ დარგის აქტიური განვითარება.

„შვედეთში ჩემი გამგზავრების მიზანს წარმოადგენდა იმპლანტების დამზადების ტექნოლოგიების შესწავლა  და მათი დანერგვა საქართველოში. შვედეთიდან წამოვიღე წარმოებისათვის საჭირო მასალები, მაგრამ 1990-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა საქართველოში სტომატოლოგიის ამ დარგის განვითარება”, – ამბობს ბიზნესმენი.

გიორგი ქოჩიაშვილი შვილთან ერთად

ბიზნესი:

1997 წელს იგი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იმყოფებოდა სასწავლო პროგრამით და დასავლური სამყაროს პრაქტიკის გათვალისწინებით გადაწყვიტა ახალი მიდგომებით დაეწყო კერძო სამედიცინო ბიზნესი. 1998 წელის 23 ნოემბერს გიორგი ქოჩიაშვილმა, რუსთავში, დააარსა სტომატოლოგიური კლინიკა „დენსი“. იმ პერიოდში, კერძო სტომატოლოგიური კლინიკა ქვემო ქართლში არ არსებობდა, ხოლო საქართველოში სულ რამდენიმე ფუნქციონირებდა. რიგითი სტომატოლოგისგან კერძო საქმიანობის დაწყება და დამოუკიდებელი კლინიკის გახსნა საკმაოდ ინოვაციური და რისკიანი საქმე იყო.

დასაწყისში კლინიკა „დენსი“ დაკომპლექტებული იყო მხოლოდ 4 სტომატოლოგით. კლინიკის მუშაობა ამერიკული მოდელის იდენტური იყო. პაციენტების მკურნალობა ხდებოდა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და არა დამჯდარ პოზიციაში, როგორ ეს მიღებული გახლდათ საბჭოთა მედიცინაში. ასევე, პერსონალი იყენებდა სპეციალური დაცვის საშუალებებს, ერთჯერად ნიღბებსა და ლატექსის ხელთათმანებს, რაც იმ დროს საქართველოში წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლებოდა.

„ჩვენთვის მაღალი სამედიცინო სტანდარტი პრიორიტეტია, კლინიკა უკვე 22 წელია წარმატებით ფუნქციონირებს, ამჟამად გვაქვს 2 კლინიკა რუსთავში, 2 – თბილისში და 1 – გარდაბანში. კლინიკაში დასაქმებულია 50-ზე მეტი ექიმი და 200-მდე საშუალო მედპერსონალი. კლინიკა საქართველოში რამდენიმე მიმართულებას ავითარებს: იმპლანტოლოგია, პაროდონტოლოგია და ორთოპედია და თერაპია“, – ამბობს გიორგი ქოჩიაშვილი.

დენსი აღჭურვილია, სრულფასოვანი ციფრული ტექნოლოგიებით, რომელიც ითვალისწინებს კომპიუტერის, სკანერებისა და ჩარხების მეშვეობით კბილების დამზადებას, ღიმილის დიზაინის შექმნას, იმპლანტაციისათვის გაიდების დამზადებას და სხვ. ციფრული მეთოდით შესრულებული სამუშაოები გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და იდეალური სიზუსტით. აღნიშნული ზრდის მომსახურების კომფორტს და ზოგავს პაციენტების დროს. კლინიკების ქსელს გააჩნია საკუთარი სატექნიკო ლაბორატორია, უახლესი აპარატურით, რაც განაპირობებს მაღალხარისხიანი სატექნიკო სამუშაოების დამზადებას. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დანერგილია სტერილიზაციის უახლესი სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს მომსახურების დროს როგორც პაციენტის, ისე მედპერსონალის მაქსიმალურ დაცვას.

ოჯახი:

გიორგი ქოჩიაშვილს ჰყავს მეუღლე და 4 შვილი, ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი.
მეუღლე – ნინო გეგეჭკორი, პროფესიით ექიმია, მაგრამ ამჟამად არის კაფე „ასკილის“ მფლობელი და თავისუფალ დროს დაკავებულია ხელოვნებით, ამზადებს ქართულ თოჯინებს.
უფროსი ქალიშვილიც წარმატებული სტომატოლოგია და ამჟამად საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია, უმცროსი ქალიშვილი სწავლობს ბუდაპეშტში არქიტექტურას და დიზაინს. რაც შეეხება ვაჟებს, ბიზნესმენის პირველი ვაჟი იურისტია და კერძო სექტორში მუშაობს, ხოლო მეორე – სტუდენტია და სტომატოლოგიას ეუფლება.

შვილები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები