LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელმა ექიმებმა კოვიდ-პაციენტს ფილტვის ქსოვილი გადაუნერგეს – 11 საათიანი უნიკალური ოპერაცია წარმატებით დასრულდა

443
page

იაპონელმა ექიმებმა ქალს, რომლის ფილტვებიც კოვიდ -19-მა ძალიან ძლიერად დააზიანა, ფილტვის ქსოვილის გადანერგვა ჩაუტარეს. შემთხვევის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ქალს ფილტვის ქსოვილი ცოცხალი დონორებისაგან გადაუნერგეს.

ქალბატონი კოვიდ-19-ის გამო რეანიმაციაში აღმოჩნდა და გარკვეული პერიოდი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას ფილტვები ისე დაუზიანდა, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადანერგვის ჩატარება გახდა საჭირო.

30-კაციანი სამედიცინო ჯგუფი კიოტოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ოპერაციას 11-საათის განმავლობაში ატარებდა. ქალბატონის დონორები კი მისივე მეუღლე და შვილი იყვნენ. ამ ეტაპზე პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, რომლის დატოვებასაც უახლოესი ორი თვის შემდეგ შეძლებს, დონორები კი თავს კარგად გრძნობენ.

რენტგენის სურათებზე ნაჩვენებია პაციენტის გულმკერდის ღრუ ფილტვის ქსოვილის გადანერგვამდე და შემდეგ.  გამუქებულია ადგილები, სადაც ახალი ქსოვილი გადაინერგა.

ცნობილია, რომ კოვიდ 19 ზოგიერთ პაციენტში ფილტვების მძიმე დაზიანებას იწვევს, ამიტომ მთელ მსოფლიოში – მათ შორის შეერთებულ შტატებში – დაავადებისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტებს ხშირად დასჭირვებიათ ფილტვის ტრანსპლანტები. თუმცა კიოტოში ჩატარებული ოპერაციისას ცოცხალი დონორების ქსოვილები იქნა გამოყენებული.

კიოტოს საავადმყოფოს გულ-მკერდის ღრუს ქირურგის, ჰიროში დატეს განცხადებით, ჩატარებული ოპერაცია ადასტურებს, რომ კოვიდ-19-ის შედეგად დაზიანებული ფილტვის ქსოვილის აღდგენა ცოცხალი დონორისაგან გადანერგილი ქსოვილების წყალობით შესაძლებელია. იაპონიაში გარდაცვლილების ორგანოების გამოყენება შედარებით იშვიათია, ცოცხალი დონორებისაგან ქსოვილების გადანერგვა კი პრაქტიკაში უფრო მიღებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები