LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

146

იაპონიის ქალაქ მაცუიამაში, ეჰიმეს პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, ხოლო დეგუსტაციას 60-მდე ადგილობრივი ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რესტორნების ქსელების წარმომადგენელი დაესწრო.

„მე ძალიან ვაფასებ ყველა მონაწილეს, რომლებიც ქართული ღვინის დეგუსტაციას ესწრებიან. საქართველო არის ღვინის სამშობლო, სადაც 525 ადგილობრივი ვაზის ჯიშია. ისევე როგორც იაპონური სამზარეულო, ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაც შესულია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში“, – აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

კენიჩი ოჰაშმა, რომელიც მიიჩნევა „ქართული ღვინის ელჩად“ იაპონიაში, ადგილობრივ პროფესიონალებს 7 დასახელების ქართული ღვინო წარუდგინა: „რქაწითელი სუპერიორი 2015“ (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2016“ (ორგო), „მწვანე 2015“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „მწვანე 2016“ (მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“), „საფერავი 2016“ (გიუაანი), „მუკუზანი 2014“ (შუმის ხაზი „იბერიული“) და „საფერავი 2015“ (შალაურის მარანი).

ცნობისთვის, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები