„ბი ბი სის ინფორმაციით, მეცნიერები უკვე ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ  კვლევაში, რომლის  მიზანიც იქნება დაადგინოს, შეუძლია თუ არა D ვიტამინს იმუნური სისტემის გადატვირთვის გზით ორგანიზმის ახალი კორონავირუსისგან დაცვა.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან ადამიანები, რომელთა ანალიზიც უჩვენებს, რომ მათ ორგანზიმში „მზის ვიტამინი“ საკმარისი რაოდენობით არ არის. ისინი 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღებენ D ვიტამინის ტაბლეტებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებს მედიკოსებმა უკვე მისცეს რეკომენდაციები, შემოდგომის დადგომისთანავე დაეწყოთ დანამატების მიღება, თუმცა ეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯია და ჯერჯერობით არ არის გათვლილი კონკრეტული ინფექციის დამარცხებაზე.

უნდა მიიღოთ თუ არა D ვიტამინი?

ვიტამინის დეფიციტი როგორც წესი, ხნიერ ადამიანებში ვლინდება. რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ჭარბწონიანი, ფერადკანიანი და აზიური წარმოშობის ადამიანები, ანუ ჯგუფები, რომლებსაც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის განვითარების რისკიც მაღალი აქვთ.

ლონდონის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებიც აღნიშნულ კვლევას ატარებენ ფიქრობენ, რომ  ვიტამინის გაზრდილი დოზით მოხმარება უკეთეს შედეგს მოიტანს, ვიდრე ჩვეულებრივი დანამატების მიღება.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, დევიდ ჯოლიფის თქმით, D ვიტამინს ნამდვილად აქვს ორგანიზმის კოვიდ-19-ისაგან დაცვის პოტენციალი, თუმცა ამის დასადასტურებლად გრძელვადიანი კვლევებია საჭირო.

„D ვიტამინის შემცველი დანამატები ხელმისაწვდომი და შედარებით იაფია, მათი მოხმარება კი დაბალი რისკის შემცველია. თუ დადასტურდა, რომ D ვიტამინი ეფექტურია ორგანიზმის ახალი კორონავირუსისაგან დაცვის საქმეში, ეს უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მთელი მსოფლიოსთვის“ – ამბობს ჯოლიფი.

მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინი სასარგებლოა, მისი დაშვებულზე მაღალი დოზით მიღება სახიფათოა. მისი მიღება რეკომენდებული არ არის არც იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის „დ“ ვიტამინის დეფიციტის დიაგნოზი არ დაუსვამთ.

 

 

 

მსგავსი თემები