LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცი რატომ მომკლეს? – ვიტალი საფაროვის უპრეცედენტო საქმე: ნეონაცისტების ქსენოფობია თუ განზრახ მკვლელობა

1412
FC6D8534-7FA1-4A19-B5A8-A0B85C4CAAD9-cx0-cy19-cw0-w1023-r1-s

ვიტალი საფაროვის მკვლელობიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ახალგაზრდა უფლებადამცველის საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. დანაშაულის ჩადენის მოტივი კვლავ სადაო რჩება. გახდა თუ არა ვიტალი საფაროვი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ჯერ ისევ განხილვის საგანია. მკვლელებისა და მოკლულის დამცველებს სხვადასხვა არგუმენტები აქვთ.

მეგობრებთან ერთად ბარში მყოფი ვიტალი 2018 წლის 30 სექტემბერს დიუმას ქუჩაზე მოკლეს.

შემთხვევა გვიან ღამით, თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბარში მოხდა. კამათი არაქართულად ლაპარაკის გამო დაიწყო. ბარში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა რუს მეგობარ გოგონებთან ერთად რუსულად საუბრობდა, რაც რამდენიმემ გააპროტესტა. აღნიშნულ ფაქტს შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა. საფაროვის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განმარტებით, ვიტალი კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად ჩაერთო.

„შემთხვევაში შვიდი თუ რვა ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ყველა ქართველია. ვიტალი საფაროვი ამ დაპირისპირებაში არ ჩარეულა, გასაშველებლად მივიდა. ის სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რაც ვიდეოებშიც ჩანს. ის კონფლიქტის მონაწილე არ ყოფილა, მაგრამ მაინც, მხოლოდ და მხოლოდ ვიტალი მოკლეს.

დავა საქართველოს სიყვარულსა და ქართველობაზე იყო, დაპირისპირებულ მხარეებს უთხრა: ყველა საქართველოში ვცხოვრობთ და არ შეიძლება ერთმანეთს რომ ურტყამთო. მე მაგალითად, ებრაელი ვარ, მაგრამ საქართველო ძალიან მიყვარს-ო. სწორედ მაშინ ამოიღეს დანა და მისი გამოყენებაც იმ მომენტში მოხდა“, – აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს: კაფე-ბარში დაწყებული ინციდენტი, გარეთ გაგრძელებული შელაპარაკება, შეხლა-შემოხლა და ბოლოს, გაქცეული დამნაშავეები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი სირბილით დატოვეს.

ვიტალი საფაროვს ჭრილობები დანით მიაყენეს. პოლიციამ ორი ადამიანი, ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე მალევე დააკავა.

სასამართლო პროცესებზე მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ კონფლიქტის მონაწილეების განსაკუთრებული გაღიზიანება ვიტალის სიტყვებმა გამოიწვია, მის ებრაელობასთან დაკავშირებით.

ოჯახის წევრების, მეგობრებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების აზრით, დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე მოხდა. ისინი მკვლელობის მიზეზად ქსენოფობიას მიიჩნევენ, რაც უცხოელების ან განსხვავებული ადამიანების მიმართ შიშს ან/და სიძულვილს გულისხმობს.

სასამართლომ საფაროვის მკვლელები ჯგუფურად, განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა (სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის ე. ქვეპუნქტით) და არა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობისათვის. კანდელაკიშვილსა და სოხაძეს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, შორენა გუნცაძის მიერ მიმდინარე წლის 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება ყველა მხარემ გაასაჩივრა – საფაროვის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმაც და სახელმწიფო ბრალდების მხარემ, პროკურატურამ. საინტერესოა, რომ მოსამართლემ ამ საქმეში ეთნიკური და ეროვნული შეუწყნარებლობა ვერ დაინახა, როცა მოწმეების ჩვენებებში ეს ნათლად იკვეთება. მკვლელობას რომ ეთნიკური მოტივი არ ჰქონია, ეს მსჯავრდებულების დაცვის მხარის პოზიციაა. სააპელაციო სასამართლოში სწორედ ამის დამტკციცებას შეეცდებიან. პროცესი 20 ნოემბერს გაიმართება.

„საქმის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ ჩვენც და ბრალდების მხარეც, გამოძიებიდან და იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც საქმეში დევს. გამოძიება სიძულვილის მოტივით ჩადენილი ჯგუფური მკვლელობის გამო მიმდინარეობს. სასამართლოთი დამტკიცდა, რომ ამ ადამიანებმა საფაროვი ჯგუფურად მოკლეს. თუმცა მოსამართლემ თავი შეიკავა, რათა ეროვნული სიძულვილის მოტივით ჩადენილ მკვლელობად დაედო მსჯავრი. უპრეცედენტო საქმეა და ალბათ ამიტომაც შეიკავა თავი, რადგანაც ამ მიმართულებით საკმარისი პრაქტიკა არ გვაქვს“, – აღნიშნავს ეკა ქობესაშვილი.

ვიტალი საფაროვი სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს – HRIDC

“ჩართულობის და განვითარების ცენტრისა” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, უფლაბადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი […]

საფაროვის საქმე მართლაც უპრეცედენტოა, რადგან ის ამ მუხლით საქართველოში აღძრული პირველი საქმეა. გაიზიარებს თუ არა სასამართლო ბრალდების პოზიციას რთული სათქმელია, თუმცა საქართველოში ამ ბრალდებით ჯერჯერობით არავინ გასამართლებულა.

გაჩნდა მოსაზრებები, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობისთვის დაკავებულები შესაძლოა ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულის, მისი თანამზრახველისა და მათი სამეგობროს „ფეისბუქ“ გვერდების დათვალიერების შემდეგ, საკმაოდ თვალშისაცემია ხშირად გაზიარებული ფაშისტური გამონათქვამები, სიმბოლიკა და ფაშისტი ლიდერების მიმართ ღიად გამოხატული დადებითი დამოკიდებულება.

ფოტოები ერთ-ერთი მსჯავრდადებულის ფეისბუქ გვერდიდან

 

დაკავებულები სხვა ეროვნების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. ამ შემთხვევამდე სხვა თვითმხილველების თქმით, დამნაშავეები თავად ამტკიცებდნენ, რომ ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრები იყვნენ. არის ინტერნეტით გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები, სადაც ისინი სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას, ყველანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ასეთი დაჯგუფების წევრები ნამდვილად არიან”.

 

ვიტალი „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი იყო, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავდა. უფლებადამცველი თავად გამოირჩეოდა ტოლერანტობითა და შემწყნარებლობით. ვიტალი წლების განმავლობაში სხვადასხვა ბანაკებსა და პროექტებში აქტიურად ერთვებოდა და ახალგაზრდებს ერთმანეთის პატივისცემას ასწავლიდა. მისი მეგობრების თქმით, უფლებადამცველი იმას შეეწირა, რის წინააღმდეგაც იბრძოდა.

ვიტალი საფაროვის კოლეგებმა, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრმა“ საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს ვიტალის სახელით წერილი გაუგზავნეს – იცი რატომ მომკლეს? ადრესატებმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ქვეყანაში არსებულ საფრთხეებზე ჩატარებული  გამოკვლევა წერილთან ერთად მიიღეს.

მოკლული უფლებადამცველის კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მთავარი მიზანია, საქმემ სწორი კვალიფიკაცია მიიღოს. ამიტომაც, მსგავსი აქცია-პერფორმანსებით ცდილობენ საფაროვის საქმე ხელისუფლებაში მყოფმა გადაწყვეტილების მიმღებმა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

აღსანიშნავია, რომ 150 დეპუტატიდან მხოლოდ „პატრიოტთან ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოეხმაურა წერილს. ის „ჩართულობისა და განვითარების ცენტრს“ დაუკავშირდა: „თქვენი წერილი მივიღე და თქვენ ხართ ვიტალი?“

პასუხიდან ჩანს, რომ საკანონდებლო ორგანოში ვიტალის საქმეს ჯერ კიდევ არ იცნობენ.

25 წლის ვიტალი საფაროვის საქმე მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში უფლებადამცველის მკვლელობის საქმის გამოძიება მიმდინარეობს – უფლებადამცველის, რომელმაც კონფლიქტის განმუხტვისთვის თავისი პროფესიული უნარ-ჩვევები გამოიყენა.

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა საფაროვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები