იელის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული ონლაინ კურსი, სახელად „კარგად ყოფნის მეცნიერება“ ინტერნეტში სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი და მისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამის შესახებ ,,ბიზნეს ინსაიდერი” წერს.

თავდაპირველად ამ საგანს უნივერსიტეტის ლექტორი, ფსიქოლოგიის პროფესორი ლორი სანტოსი კურსის სტუდენტებს ჩვეულებრივ, აუდიტორიაში უკითხავდა. მისი მთავარი მიზანი კი გახლდათ სურვილი, დახმარებოდა სტუდენტებს დეპრესიასა და სტრესთან ბრძოლაში. სანტოსის საგანმა არნახული პოპულარობა მოიპოვა. მის ლექციას ათასზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა მაშინ, როდესაც იელის უნივერსიტეტის წესის თანახმად, ლექციაზე დამსწრეთა საერთო ოდენობა 600-ს არ უნდა აღემატებოდეს.საგანი, რომელსაც თავიდან „ფსიქოლოგია და კარგი ცხოვრება“ ერქვა, აერთიანებს ფსიქოლოგიის თეორიას და ქცევით მეცნიერებას, მისი საბოლოო მიზანი კი ერთია – დაეხმაროს ადამიანებს იმაში, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი უფრო ბედნიერები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ,,კარგად ყოფნის მეცნიერება” იელის უნივერსისტეტის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მოთხოვნადი საგანი, გადაწყდა მისი ონლაინ-კურსად გადაკეთება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემდა საშუალებას, ეს კურსი გაევლო.

ამ დროისათვის კურსი ონლაინპლატფორმა Coursera-ზე ყველა მსურველისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი.