LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი: „10 სტუდენტიდან 8 არის ქალი. ქალებმა ობიექტურად აჯობეს მამაკაცებს…“

135
beqakobaxidze

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი ერთერთი სამაგისტრო პროგრამის ათი პირველკურსელიდან რვა გოგონაა და ეს ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული.

გთავაზობთ ბექა კობახიძის სტატუსს:

„დაზაფრული საქართველოს „ფეისბუქ-სივრცეში“ ერთი კარგი ამბით დავბრუნდი:

ჩვენს სამაგისტრო პროგრამაზე – “თანამედროვე საქართველოს ისტორია” 10 პირველკურსელი მივიღეთ. ამ ათიდან, რეიტინგში პირველ სამეულში გასულებს უკვე დაენიშნათ Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus-ის სტიპენდია, მეოთხე ადგილოსანს სტივენ ჯონსის სახელობის სტიპენდია, ხოლო მეხუთე ადგილოსანს ლევან და მარინა მიქაბერიძეების სახელობის სტიპენდია. ბატონი ლევანი და ქალბატონი მარინა Alexander Mikaberidze-ის მშობლები არიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტივენი და ალეკო სრულად რიცხავენ ილიაუნიში მიღებულ თავიანთ ხელფასს სასტიპენდიო ფონდში.

უღრმესი მადლობა ადენაუერის ფონდს, ალეკოს და სტივენს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის!

კიდევ უკეთესი ამბავი ის არის, რომ მიღებული 10 სტუდენტიდან 8 არის ქალი. უფრო მეტიც, ხუთი სტიპენდიატიდან ხუთივე ქალია!:))

კიდევ კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ არც კვოტირების, არც გენდერული წახალისების და სხვა მსგავსი პრინციპი არ გამოგვიყენებია და ქალებმა ობიექტურად აჯობეს მამაკაცებს.

მისაღებ კომისიაში ვიყავით მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი, პრაღის კარლის უნივერსიტეტის პროფესორი ადრიან ბრისკუ და მე. კომისია ერთხმად შეთანხმდა პირველ ხუთეულზე.

სტიპენდიანტთა ვინაობა ყველა სემესტრში ხელახლა ვლინდება, წინა სემესტრის მანძილზე მიღებული ნიშნებისა და შესაბამისი რეიტინგის მიხედვით. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთი კონკურენცია ძალიან ზრდის სტუდენტების მოტივაციას და სწავლის დონეს. განსაკუთრებით, ადენაუერის ფონდის მიერ დანიშნული, თვეში 250-ევროიანი სტიპენდია სტუდენტს საშუალებას აძლევს, თვიდან თვემდე მხოლოდ სწავლაზე იყოს ფოკუსირებული და ნაკლები დრო დახარჯოს, ან საერთოდ არ დახარჯოს საბაზისო სარჩოს შოვნაზე.

მხოლოდ მეოთხე, დამამთავრებელ სემესტრში გაგვიჭირდება კონკურენტული გარემოს შექმნა, როდესაც სტუდენტები სამაგისტრო ნაშრომს წერენ და აღარ იბრძვიან რეიტინგისთვის.

ამიტომ, ჩვენ გვსურს, სამი საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომისთვის მოვიზიდოთ საპრიზო ფონდი: საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომს ერთჯერადი ჯილდო 2500 ლარი, მეორე ადგილს – 1500 ლარი, ხოლო მესამეს – 1000 ლარი. ჯამში ეს იქნება სულ რაღაც 5000 ლარი, წელიწადში ერთხელ.

ვთხოვ ბიზნესის წარმომადგენლებს, ფონდებს, კერძო პირებს – დაინტერესდით ამ შემოთავაზებით. თქვენ, მკითხველებს გთხოვთ რომ მიაწოდოთ შესაბამის პირებს ეს ინფორმაცია.

რა სარგებელი ექნება აქედან დონორს?

– თქვენ ხელს შეუწყობთ ქართული ისტორიოგრაფიის დასავლურ/საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას. თქვენ იქნებით პროგრამის სპონსორი, სადაც საუკეთესო სტუდენტები სწავლობენ და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ლექტორები ასწავლიან (სტივენ ჯონსი, ალეკო მიქაბერიძე, რონალდ სუნი, აკა მორჩილაძე, ადრიან ბრისკუ…. იხ. სრული შემადგენლობა: (https://geomodernhistory.iliauni.edu.ge/personal/);

– სტიპენდია იქნება თქვენი სახელობის. თქვენი ლოგო და სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საიტზე და წლიდან წლამდე სულ იქნება ამაზე საუბარი სამაგისტრო პროგრამის წარდგენებისას;

– გამარჯვებული სტუდენტები, სამაგისტრო ნაშრომის საფუძველზე, დაწერენ მინიმუმ ერთ, ან შესაძლოა ორ სტატიას. სტატიებში მოხსენიებული იქნება, რომ აღნიშნულ ნაშრომს თქვენგან ჯილდო აქვს მიღებული. ის რომ ესენი მაღალი დონის ნაშრომები იქნება, ამის გარანტად გამოდგება ზემოხსენებული ლექტორებისა და პროფესორების სახელები. ისინი იქნებიან მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელები და მათ მიერ დაკომპლექტდება სამაგისტრო ნაშრომების შეფასების კომისია;

– თქვენ პროგრამის თანასპონსორი გახდებით ყველაზე მსხვილ გერმანულ პოლიტიკურ ფონდთან – კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად. ეს ნებისმიერი ორგანიზაციის თუ ინდივიდის პრესტიჟს მხოლოდ ზრდის;

– ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულთაგან არაერთი, განსაკუთრებით მათ შორის წარჩინებულნი, ისტორიის შემქმნელი მსხვილკალიბრიანი ფიგურები გახდებიან მომდევნო ათწლეულებში. თქვენი სახელი მათ ბიოგრაფიას ყოველთვის თან გაჰყვება.

ეს ყველაფერი წელიწადში მხოლოდ 5000 ლარად, ანუ 1400 ევროდ. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია, სამ სხვადასხვა კომპანიაზე, ფონდზე, ინდივიდზე გადავანაწილოთ სამი საპრიზო ადგილის სპონსორობა, იმის მიხედვით, თუ ვის რისი საშუალება აქვს და ვინ რას შემოგვთავაზებს.

ოღონდ, დაფინანსების წყარო უნდა იყოს სტაბილური და უნდა დავდოთ მინიმუმ სამწლიანი შეთანხმება.

მე მაინც ვფიქრობ, რომ არ შეიძლება, დავით სარაჯიშვილის ქვეყანაში ისტორიკოსთა ქომაგი შეძლებული ადამიანები და ორგანიზაციები არ გვყვავდნენ.

შემოთავაზებას არ მივიღებთ პრიმაკოვის ფონდისგან, გორჩაკოვის ფონდისგან, ლუკოილისგან, ლევან ვასაძისგან, ბიზნესმენი დავით ხიდაშელისგან და ძმათა მათთაგან.

გთხოვთ გააზიაროთ ეს შეთავაზება და დაინტერესებულმა ადამიანებმა პირადში მომწერეთ.

წინასწარ დიდი მადლობა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები