LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილოცონ, რომ სადისციპლინო კომიტეტზე საკუთარი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ – ლევან კობიაშვილი (ვიდეო)

291
KJR_7753

არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანები არიან ამის ღირსი – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან კობიაშვილმა მედიას და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ, რათა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გაგრძელდეს.

„კონკრეტული ადამიანები საუბრობენ კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე და ა.შ. აბსოლუტური ტყუილია! ზოგიერთი სააგენტოები და ადამიანები ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ, გადაფარონ და ამბობენ, რომ რაღაც დავალიანებები იყო – ეს არის ტყუილი. ერთადერთი დავალიანება, რაც ამ კლუბს ჰქონდა, ის არის, რომ ბოლო ორი კვირის ხელფასი არ ჰქონდა გაცემული. ორი კვირის, ორი თვის და წლის კი არა, საერთოდ რომ არ ჰქონდეს ხელფასი, არანაირი გამართლება არ აქვს ამ საქციელს, რაც ფეხბურთელებმა ჩაიდინეს.

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც, რომ მნიშნველოვანია, ყოველთვის ისეთი მესიჯები გავაშუქოთ, რომელიც ხელს კი არ უწყობს მათ ქმედებებს, პირიქით. გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რომ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სადისციპლინო კომიტეტზე, რომელიც მალე ჩატარდება, უკვე გამოვლენილი ფეხბურთელებისა და კლუბების გარდა სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები საეჭვო მატჩებზე.

„ეს არ არის დასასრული. გარწმუნებთ, ძალიან მალე სადისციპლინო კომიტეტზე, სხვა ფეხბურთელების და არ გამოვრიცხავ სხვა კლუბების სახელები აღმოჩნდეს, ხაზს ვუსვამ ჩვენი მოკვლევით. მინდა ასევე ყველა გავაფრთხილო – არ გაბედონ მსგავსი რამ. ილოცონ, რომ თავიანთი გვარები არ აღმოჩნდეს იქ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  ჯამში 11 ფეხბურთელია დაკავებული. ყველა მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს.