LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იმედის გზავნილები” ფანჯრებში – თვითიზოლაციაში დარჩენილი მეზობლები ერთმანეთს ამხნევებენ

123
covid19-world-change

კორონავირუსმა მსოფლიო შეცვალა – ათასობით ადამიანი სოციალური დისტანცირების გამო სახლში რჩება, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ამ დროს კიდევ უფრო ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ურთიერთობა გარშემომყოფებთან.

ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ გახალისდნენ და მეზობლებიც გაახალისონ, ამაში კი მათ “იმედის გზავნილები” ეხმარებათ. საკუთარი სახლის ფანჯრებზე ისინი ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილ გულებს, ყვავილებს და ცისარტყელებს გამოსახავენ იმისათვის, რათა მეზობლებს მისცენ იმედი, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის მოუვიდა თავში ეს იდეა პირველად, თუმცა ფაქტია, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საკუთარ მეზობლებს ასე ამხნევებს, დღითი-დღე იმატებს.

,,ფეისბუკში” უკვე გამოჩნდა ,,იმედის გზავნილებთან” დაკავშირებული არაერთი ჯგუფი, რომელთა წევრების რაოდენობაც დღითი-დღე იზრდება. მათი შემქმნელები CNN–ს იდენტურ ისტორიებს უყვებიან: ზოგმა მათგანმა ჯგუფის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტექსტური შეტყობინება მიიღო, რომელიც მოუწოდებდა საკუთარი სახლის ფანჯრებში გამოეფინა ყველაფერი, რაც იმედთან არის დაკავშირებული, იქნებოდა ეს ფერადი ქაღალდის გულები თუ სათამაშო დათუნიები და ასე გაეხალისებინა მეზობლები. ზოგს იმ ადამიანების გამხნევება სურდა, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროსაც მუშაობს და შესაბამისად, მათ ფანჯრებთან ჩავლა მოუწევდათ. სხვების თქმით, მათ სოციალურ ქსელში ფოტოები ნახეს და გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ ამ ყველაფერში. ზოგი ჯგუფის შემქმნელს სამეზობლოს ბავშვების გართობა სურდა, რომლებიც ვერც სკოლაში დადიან, ვერც ბაღში და ვერც ერთმანეთს ეთამაშებიან.

,,ამ ყველაფერში ჩაერთნენ ბიზნესმენები, საავადმყოფოები, ექიმები, მოხუცთა თავშესაფრები. ჩვენთვის მთავარია ერთმანეთს იმედი მივცეთ, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება” – აცხადებენ ჯგუფების დამაარსებლები კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და აშშ-დან.

ადამიანები, რომლებიც უერთდებიან ერთმანეთის გახალისების კამპანიას, სოციალურ ქსელებში შესაბამის პოსტებზე იყენებენ #AWorldOfHearts-ს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები