„იმედში“ შესვლის დროს ერეკლე კოდუა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, – ამის შესახებ შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის  ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ერეკლე კოდუა 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედის“ შენობაში იმიტომ მივიდა, რომ იქ მისი ახლობელი მუშაობდა.

„ის თავს არ სცნობს დამნაშავედ. ჩვენ დავკითხეთ არაერთი მოწმე, მათ შორის სპეცრაზმელები და ჟურნალისტები. ასევე, დღეს გიორგი თარგამაძემაც დეტალურად ისაუბრა. თარგამაძემაც დაადასტურა, რომ იარაღით მუქარას არ ჰქონდა ადგილი. „იმედში“ შესვლის დროს რომ ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, არსად დასტურდება. ის მივიდა „იმედში“ იმ მიზნით, რომ იქ მისი ახლობელი მუშაობდა. როდესაც კოდუა მივიდა, იმედში „სპეცრაზმი“ უკვე შეჭრილი იყო. სპეცოპერაციას რომ კოდუა ხელმძღვანელობდა, ამას არავინ ადასტურებს. მაუწყებლობის გათიშვით ერეკლე კოდუა იმიტომ იყო დაინტერესებული, რომ იქ სხვა სპეცრაზმელებს არ ემოქმედათ არასასურველად, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია“,- განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი გიორგი თარგამაძე დაიკითხა.გიორგი თარგამაძემ დეტალურად გაიხსენა კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან ირაკლი კოდუასთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ მას გაუჭირდება იმის თქმა, თუ ვინ იძლეოდა ადგილზე ბრძანებებს.

„იარაღი სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ხელში ეკავათ. არც ერთ სპეცრაზმელს არ უთქვამს თუ რა მიზნით იყვნებ ტელევიზიაში შემოსულები. მათ არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ. ჩვენ სააპარატოში შევედით კოდუასთან ერთად. თავად ერეკლე კოდუას ავტომატი არ ეჭირა, თუმცა პისტოლეტი ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ჯგუფი მოძრაობდა ქაოსურად, გამიჭირდება თქმა, ვინ იძლეოდა ბრძანებებს, თუმცა იმ ჯგუფთან ერთად, ვისთან ერთადაც მოძრაობდა კოდუა, აშკარად მოდიოდა ბრძანებები. საეთეროს გათიშვის შემდეგ მე კოდუა აღარ მინახავს“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ერეკლე კოდუას ბრალდების მხარე ტელეკომპანია იმედში შეჭრისა და ტელევიზიის გათიშვის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება ძალადობით და იარაღის გამოყენებით. ერეკლე კოდუაზე ამ დროისთვის პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.

მსგავსი თემები