LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი პროკურატურაში მუშაობს, თუმცა გამოძიებასთან შემხებლობა არ აქვს

84

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალდებული არასრულწლოვნების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არ არიან პროკურატურის თანამშრომლები.

ამის შესახებ საუბარია პროკურატურის განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მომხდარი დანაშაულისთვის ორი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

ამასთან, პროკურატურის ცნობით,  51-ე სკოლასთან ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი პროკურატურის მუშაკია, თუმცა გამოძიებასთან შემხებლობა არ აქვს.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გამოვეხმაუროთ, სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას. უპირველეს ყოვილსა ხაზი უნდა გაესვას იმ გარეომებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი.

აღნიშნული სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება რომ ქონდეს. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერცერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ხსენებულ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები