ინდოეთის ეპიდაფეთქებას საგანგაშოს უწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამბობს რომ “ვითარება გულსატკენზე მძიმეა” და პირობას დებს, რომ ჯანმო ქვეყანას მაქსიმალურ თანადგომას გაუწევს.

WHO ინდოეთში დამატებით პერსონალსა და მასალებს გზავნის.

ინდოეთში ეპიდაფეთქებაა – რეკორდულად მზარდია გარდაცვალების მაჩვენებელი

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კოვიდპანდემია გლობალურად მწვავდება და გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის იმდენი შემთხვევა დადასტურდა, რამდენიც პანდემიის პირველი ხუთი თვის განმავლობაში.

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, აპრილის თვე ინდოეთისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა – 15 აპრილს ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 200 000-სს გადააჭარბა და მას შემდეგ ეს მაჩვენებელი მზარდია.

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 323 144 ადამიანი დაინფიცირდა, რაც მცირედით ჩამორჩება გუშინდელ მაჩვენებელს – დღიურ 352 991 შემთხვევას.

ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა – საავადმყოფოებში ადგილები გადავსებულია, იწურება ჟანგბადის მიწოდების საშუალებების მარაგიც, კორონავირუსით გარდაცვლილებს კრემაციას ქუჩებში უკეთებენ.

 

 

ქვეყნის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და გერმანია.

ვითარების დასტაბილურებისთვის, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ასევე ერთვება ინდოეთის შეიარაღებული ძალებიც.

ინდოეთში საერთაშორისი სამედიცინო დახმარების პირველი პარტია უკვე ჩაიტანეს – ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ჟანგბადის კონცენტრატორი ნიუ-დელის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა.

Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, სულ აღრიცხულია ინფიცირების 17 636 307 და გარდაცვალების 197 894 შემთხვევა.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები