ახალი ზელანდია მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. სწორედ ამ წარმატებული შედეგების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2022 წლის დასაწყისიდან სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს კარს ეტაპობრივად გაუხსნის.

არსებულ სურათს რადიკალურად ცვლის ქვეყანაში, 6 თვის შემდეგ, პირველად დაფიქსირებული ინფიცირების 1 შემთხვევა, რის გამოც ქვეყანა სამი დღის განმავლობაში, სრული ლოკდაუნის რეჟიმზე გადადის.

ოკლენდში კი, სადაც ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, მკაცრი შეზღუდვა ერთი კვირა გაგრძელდება.

“მთელი ქვეყანა გადავა განგაშის მე-4 დონეზე, ერთ წელზე მეტია, ხელისუფლებას ამ მკაცრი ზომისთვის არ მიუმართავს, დღეს კი ეს საჭიროა, რადგან ითვლება, რომ ეს შემთხვევა არის “დელტა” ვარიანტის პირველი გადაცემა საზოგადოებაში”, – წერს სხვადასხვა  მედიასაშუალება.

“როდესაც დელტა მძვინვარებს მთელს მსოფლიოში… ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, სადაც ეს ვარიანტი აღმოჩნდა, ასე რომ ჩვენ გვქონდა შანსი, გვესწავლა სხვებისგან. ჩვენ კვლავ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, რათა შევაჩეროთ გავრცელება. ჩვენ ვნახეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუკი ამას ვერ მოვახერხებთ.” – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი.

ახალ ზელანდიაში ნიღბის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მაიკლ ბეიკერი მოუწოდებს მთელს საზოგადოებას, ატარონ ნიღბები შიდა და გარე სივრცეებში.

შეგახსენებთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 5 მილიონიან ახალ ზელანდიაში ვირუსით დაინფიცირდა 2 913 და გარდაიცვალა 26 ადამიანი. ეს კი 6 თვის შემდეგ, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები