LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქ, სადაც მოსახლეობა აცრილია, ადამიანები აღარ კვდებიან: პაატა იმნაძე

140
იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები განახევრდა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან ორი-სამი კვირა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები გრძელდება.

როგორც იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, იქ, სადაც მოსახლეობა აცრილია, ადამიანები აღარ კვდებიან.

„მილიონ მოსახლეზე თუ გადავიანგარიშებთ, დღეს საქართველოზე მეტია ავადობა ისრაელსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ბრიტანეთში კი, საქართველოს მსგავსი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ ქვეყნებში უკვე ბევრი ხალხია აცრილი და შესაბამისად, სიკვდილი აღარ არის. სიკვდილი აღარ არის და აი, ეს არის მთავარი და განმსაზღვრელი. იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან“, – განაცხადა იმნაძემ.

შეკითხვაზე, გადალახა თუ არა საქართველომ ეპიდემიის მეოთხე ტალღა, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია.

„მართალია, შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად, განახევრდა და უფრო ნაკლებიც არის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან ასევე ორი-სამი კვირა გრძელდება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობის კლება არის, თუმცა ტემპი ნელია და რეგულაციების მოხსნამ შესაძლოა, კლების ტენდენცია კიდევ შეანელოს.

კითხვაზე, რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინები მუტირებული შტამების მიმართ, იმნაძემ განაცხადა, რომ როგორც აღმოჩნდა, „დელტა“ ვარიანტისადმი, არსებული ვაქცინები ადამიანს საკმაოდ კარგად იცავენ დამძიმებისგან და სიკვდილისგან.

უნდა ჰქონდეს თუ არა საზოგადოებას იმის მოლოდინი, რომ ბავშვები 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში ისწავლიან, –  პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ სკოლებში ბავშვების მაღალი მობილობის პირობებში აუცილებელია, პედაგოგებისა და მშობლების დიდმა რაოდენობამ აიცრას.

„პედაგოგთა და მშობელთა უმრავლესობა თუ აიცრება, რა თქმა უნდა, ბავშვების სკოლაში სწავლა აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები