LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ხისტი პოლიტიკის მხარდამჭერმა ჯგუფმა გაიმარჯვა: კორნელი კაკაჩია

147
კორნელი-კაკაჩია

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი, კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ხნის წინ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა და ახლა, კომპრომისული პოლიტიკისთვის მზადყოფნას არ გამოხატავს. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ძალისმიერი და ხისტი პოლიტიკა, რომელიც ბოლო დღეებში ხელისუფლების მხრიდან ვიხილეთ, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, რასაც მმართველი ძალა ვერც სწორად აფასებს და შესაბამისად, ვერც სერიოზულად არ აღიქვამს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საგარეო პოლიტიკაზე, „ფორტუნა“ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

 ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისა და ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას, ქვეყანაში და მის გარეთ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ეს კანონის აღსრულება იყო, თუმცა სხვაგვარი აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასება.. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ უშუალოდ ჩატარებული ღონისძიების ფორმას, რამაც რეალურად ყველაზე დიდი შეშფოთება გამოიწვია?

კორნელი კაკაჩია: ზოგადად, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს რომ გადავხედოთ, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ხაფანგში აღმოჩნდა, რომელიც დიდი ხანია დაგებული იყო და აქედან გამოსავალიც არ არსებობდა. რეალურად, ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ თავი თვითონ ჩაიყენა, რადგან რაც არ უნდა სამართლებრივი გამართლება ჰქონდეს ოპოზიციის ლიდერის დაკავებას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

როგორც კი ოპოზიციის ლიდერთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხები წარმოიშვება, ეს ავტომატურად მწვავე საერთაშორისო რეაქციას იწვევს. ჩვენი პარტნიორების ინტერესი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა არ არის, დასავლეთის ინტერესი საქართველოში სტაბილური დემოკრატიაა, სადაც პარტიები კონკურენტუნარიან გარემოში იქნებიან და ერთმანეთს არჩევნების გზით შეცვლიან.

 

 პოლიტიკური კონტექსტი ახსენეთ, კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ტიპის საფრთხე შეიქმნა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც სხვადასხვა განცხადებები პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ, ცალსახად გვესმის…

 მოდით, ასე ვთქვათ: როგორც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ექმნება და რომელიმე ხელისუფლება ცდილობს – საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელისუფლება გაიხანგრძლივოს, ხოლო ამას ოპონენტების დევნით აკეთებს, მაშინ ჩნდება ის რეაქციები, რასაც ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გვხვდება.

ბუნებრივია, რომ ხელისუფლების ეს ქმედებები ადეკვატური არ იყო, რადგან როცა ჩნდება პოლიტიკური პრობლემა, მას გადაწყვეტა სჭირდება. ხოლო, ამ საკითხების ძალისმიერი და ხისტი პოლიტიკით მოგვარება, აბსოლუტურად მიუღებლი და შეუძლებელია.

 კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ – მმართველმა ძალამ დააკონკრეტა, რომ ნიკა მელიას დაკავება კანონის აღსრულება იყო, ხოლო მისი უგულებელყოფა სწორედაც რომ დემოკრატიის ძირის გამოთხრა იქნებოდა. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლებოდა პროცესი ისე განვითარებულიყო, ამ ტიპის მძარფრი რეაქცია, შედეგი არ მიგვეღო?

 

ასეთი მზა რეცეპტი, თუ როგორ უნდა გამოსულიყო ხელისუფლება ამ პროცესიდან ადეკვატურად, არ არსებობს, თუმცა, ხელისუფლებას სხვა ვალდებულება აკისრია. როცა იცი, რა მიმართულებით მიჰყავხარ ოპონენტს, რომელსაც შეიძლება დესტრუქციული მიზნები ჰქონდეს და ეს ახალი არაა, შენ მათ მიმართულებას არ უნდა აჰყვე და მითუმეტეს, როცა ხელისუფლება ხარ მეტი გევალება. არც ისაა ახალი, რომ ოპოზიციაშიც არის ისეთი ხალხი, რომელსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. ამ დროს საჭიროა, უფრო კომპრომისისკენ მიდრეკილი გადაწყვეტილების ძებნა, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პარტიული მიზნები დათმო.

 

თქვენი აზრით, რამდენად სწორად აღიქვამს მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას და ამ გადმოსახედიდად, ფიქრობთ თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლოა გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებზე წავიდეს?

 

 ეს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაში არ ჩანს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ახალი პრემიერი მოვიდა. პირიქით, ჩანს რომ რადიკალიზმში შეჯიბრია და ეს სიხისტე არასწორი ნაბიჯია. შესაბამისად, მგონია, რომ ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი ნაბიჯით მიჰყავს. ასეთ შემხთხვევაში კი, უკვე საფრთხეები იქმნება, მათ შორის, ქვეყნის იზოლაციისა.

თუ გავაანალიზებთ გამოხმაურებებს, ამის უკან იკითხება ის, რომ ეს სიტუაცია არ გამოსწორდა. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებამ ეს გამოხმაურება სწორად გაიგო. გუშინ ვნახეთ, რომ „ოცნების“ მხრიდან, უკვე სხვა ტიპის განცხადებები გაკეთდა, თუმცა ეს არადამაჯერებლად მიმაჩნია, რადგან არ შეიძლება მათრახისა და თაფლის კვერის პოლიტიკა აწარმოო.  ერთ ხელში მათრახი გეჭიროს და მერე თაფლიკვერი გაურიო, ასე არ გამოდის.

მითუმეტეს, როცა ოპოზიციას მოღალატეებს უწოდებ, ასეთი მკვეთრი და ხისტი ენით საუბრობ, ბუნებრივია, ეს შეშფოთებას იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. აქ უკვე ხელისუფლებისადმი ნდობა კლებულობს და ამიტომაა საჭირო, რომ ცოტა უფრო კეთილგონივრული ნაბიჯები გადაიდგას, რადგან ეს მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, უკვე ქვეყნის იმიჯს ეხება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, (ჟარგონზე რომ ვთქვათ) დაამუხრუჭეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებამ ამ განცხადებების სიმძაფრე სწორად აღიქვა. რამდენად გულწრფელია ამ ტონის შერბილება, ეს ჯერ კიდევ საკითხავია და დრო გვიჩვენებს.  მე, პირადად არ მგონია და პირიქით, ახლა უფრო იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ხისტი პოლიტიკის მხარდამჭერმა ჯგუფმა გაიმარჯვა, ღარიბაშვილის მოსვლაც ამას ადასტურებს. ჩანს, რომ კომპრომისული პოლიტიკისთვის მზად არ არიან, პირიქით, პოლიტიკურ შეჯიბსა თუ კონკურენციას ხედავენ როგორც ნულოვან ჯამიან თამაშს. აი ამ თამაშში ერთმა უნდა გაიმარჯვოს და მეორე დამარცხდეს, ეს კი ასე არაა.

თუ ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, უნდა გავიგოთ, რომ პოლიტიკური მეტოქეობა მტრობას და მითუფრო, მუდმივ მტრობას არ ნიშნავს. პირიქით შეიძლება პარტიები ხანდახან კოალიციაში შევიდნენ, შეიძლება ერთობლივი კოალიციური მთავრობა შექმნან, რისი მოლოდინიც საქართველოში იყო, თუმცა ამის კულტურა ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს. არც კონსესუსიკენ მიდრეკილი პოლიტიკის ტრადიციები გვაქვს, თუმცა, ნათელია, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და არა ხისტი განცხადებებით, მითუმეტეს როცა ხელისუფლება ხარ და საზოგადოების წინაშე უფრო მეტი ვალდებულება გაქვს.

რაც უფრო ხისტი ხდება სამთავრობო პოლიტიკა, მანევრირებისთვის უფრო ნაკლები საშუალება რჩება, ხოლო შემდეგ, როცა უკვე ჩიხში შედიან და გამოსავალი არ რჩება, ამან შეიძლება ძალიან ცუდი მოვლენები გამოიწვის, როგორც ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისე ევროატლინკური მისწრაფებების კუთხით. ამაზე განცხადებებიც გაკეთდა და აშკარად ითქვა, რომ ეს პოლიტიკა საფრთხეს ქმნის.

ზოგადად, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, ყოველთვის მისი სისუსტე იყო, განსხვავებით წინა ხელისუფლებისა, რომლებიც ამ კუთხით საკმაოდ ძლიერები იყვნენ და ეს გამოხმაურებებშიც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში ლობისტურ საქმიანობაში საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს, „ქართულ ოცნებაში“ ვერ მოახერხეს ძლიერი ქსელის შექმნა. გარკვეულ ეტაპზე, რაღაც დოზით დაბალანსება კი შეძლეს, მაგრამ იმას ვერ მიაღწიეს, რომ ქვეყანას ახალი მეგობრები შეეძინა.

ვერ დამისახელებთ „ქართული ოცნების“ მიერ აღმოჩენილ ახალ კონგრესმენ-სენატორს, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებდა, ან თუნდაც ევროპარლამენტში. EPP-ის (ევროპის სახალხო პარტია) გარდა, იქ არიან ევროპის სოციალისტების ფრაქცია, რომელთაც არასდროს მინახავს, რომ „ოცნების“ მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინოს.

ამ კუთხით, მათ ფაქტობრივად, სერიოზული ჩავარდნა აქვთ, მაგრამ ჩავარდნის გარდა, აქ კიდევ მეორე საკითხია – რა არის რეალობა. რეალობა კი ისაა, რომ როდესაც ხელისუფლება ხარ და ოპოზიციის მიმართ ასეთ შეცდომებს უშვებ, მითუმეტეს, როცა არჩევნები ჩატარდა, რომელიც სანიმუშო არ იყო, ამ ფონზე, ასეთი სისხისტე, აბსოლუტურად მიუღებელია. მითუფრო, მაშინ, როცა ქვეყანას აქვს ამბიცია – გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ეს ქმედებები არ შეესაბამება იმ სულისკვეთებასა და ენთუზიამს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით.

 

გარდა დასავლეთისა, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პოლიტიკაც, მიმდინარე მოვლენებზე მოვისმინეთ სენატორებისა და კონგრესმენების კრიტიკული შეფასებებიც. თუმცა, ასევე ვიცით, რომ შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ჯო ბაიდენისგან სხვა ტიპის პოლიტიკის მოლოდინი აქვს… როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეს შექმნის ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, როგორც ეს თავადაც თქვით, აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით?

 

კორნელი კაკაჩია: შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, ჩამოყალიბებული პოლიტიკა ჯერ არ აქვს, ეს პროცესი ახლა იწყება. აშშ-მ ახლა მუშაობა უფრო სხვა კუთხით – ევროატლანტიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებში პრობლემური საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყო. ალბათ ცოტა ხანში, ეს პროცესიც დაიწყება და ამ პროცესში, ასეთი პრობლემები რომ შედიხარ, არ მგონია, ვაშინგტონში ენთუზიამი გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი და მისი ადმინისტაცია მეტკნაკლებად საქართველოს კარგად იცნობენ, თუ ჩვენს ქვეყანაში არასტაბილური გარემო შეიქმნება, ეს პირიქით, იმ სკეპტიკოსი ქვეყნებისა და პოლიტიკოსების პოზიციებს გააძლიერებს, რომლებიც საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას ისედაც ეჭვის თავლით უყურებდნენ. ამაზე ბევრჯერ ითქვა და ფაქტობრივად, შიდა პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი, რაც ჩვენთან ხდება, ქვეყნის იმიჯის დაზიანება ხდება. საქართველო კი მოუმწიფარ დემოკრატიად და ახალგაზრდად ჩანს, რომელიც ასეთ კლუბში გაწევრიანებისთვის მზად არ არის. ამ ნაბიჯებით კი, კიდევ უფრო ვამყარებთ ჩვენი ოპონენტების არგუმენტაციას როგორც დასავლეთში, ისე ქვეყნის შიგნით.

 

 თქვენი აზრით, ვის აძლევს ხელს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და კიდევ უფრო მეტად ხომ არ შეუწყობს ეს მდგომარეობა ხელს გარკვეული დაძაბულობის პროვოცირებას?

რა თქმა უნდა, საქართველოში ნებისმიერი არასტაბილური მდგომარეობა, ხელს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს უწყობს, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში და კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებაში, თავისი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მიზნები აქვს, ეს დიდი ხანია ცხადია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანის განვითარებაში სტაგნაცია კი ხდებოდეს, არამედ ქვეყანამ უნდა შეძლოს, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ნაბიჯები სწრაფად გადაიდგას,  ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლა გააგრძელოს.

 

 მმართველი ძალის ოპონენტები ცალსახად  ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ. თქვენ რას რას ფიქრობთ ამ საკითხზე და ასეთ შემთხვევაში, ყველაზე სწორი და გონივრული გამოსავალი რა იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან?

 

 რაც შეეხება გამოსავალს, არ ვარ მომხრე, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ არჩევნები ვატაროთ და ყოველი ქართველი პოლიტიკური პარტიების ხუშტურებზე ვიაროთ, იმის გამო, რომ ხანდახან მათი ამბიციები და რეალობა განსხვავდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, შექმნილი სიტუაციებიდან და იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის ინტერესებს ექმნება, სხვა გამოსავალს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, გარდა ახალი არჩევნებისა, რომელიც მოლაპარაკების საგანია. უნდა დასხდნენ და ეს პრობლემა ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გადაჭრან.

საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლოა რაღაც პლატფორმა შექმნან, მაგრამ ისინი ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტენ და ჩვენ ეს ვიცით. ეს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური კლასის მოსაგვარებელი ვალდებულებაა. მიუხედავად განსხვავებებისა და იმისა, მოსწონთ თუ არა ერთმანეთი. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რაც ყველაზე ნაკლები ზარალის მომცემი გადაწყვეტილება იქნება, იმ ალტერნატივებთან შედარებით, რომელიც არსებობს. ამდენად, ამაზე ხელისუფლება ალბათ უნდა დაფიქრდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა მათთვის მისაღები წინადადება არ იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა არის ქვეყნის ინტერესებისა და სტაბილურობისთვის კარგი, ალბათ ეს ვარიანტი განხილვის საგანი უნდა გახდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები