სოხუმის აეროპორტი ნომერ პირველი ამოცანაა. მისი გახსნის თარიღად 2024 წლის იანვარი განვსაზღვრეთ, იქნებ ევროპული ცაც გაიხსნას ჩვენთვის, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემასთან „არგუმენტები და ფაქტები“, განაცხადა.

როგორც ბჟანია ამბობს, მან შესაბამისი თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს მიმართა და პუტინმაც უკვე ინსტრუქციები მისცა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამოცანა გადაიჭრება. რუსი ექსპერტების თქმით, აუცილებელია ეს აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამებოდეს, რათა მომავალში არაფერი შეიცვალოს. ახალი ტექნიკა, ახალი აღჭურვილობა – ყველაფერი კარგ დონეზე იქნება,“- აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, „არაღიარებულის სტატუსი“ აფხაზეთს ბევრ სირთულეს უქმნის. „ეს ჩვენს ცხოვრებას ართულებს. აშკარაა, რომ იგივე აეროპორტი დიდი ხნის წინ დაიწყებდა მუშაობას, რომ არა საქართველოსა და მისი მხარდამჭერი სხვა სახელმწიფოების პოზიცია“- აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსულ გამოცემასთან საუბრისას.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები