LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს გადაჭარბებით შევასრულებთ

146
ირაკლი კოვზანაძე

ჩვენ გვაქვს პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელი დავასრულოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიდრე ჩადებული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში “ბიზნესკურიერი” განაცხადა.

მისი თქმით, რაც პროგნოზირებული იყო, იმაზე მაღალი ზრდით დავასრულებთ წელს.

„სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენ  მშპ-ს ზრდის მნიშვნელოვან შემცირებას გვიწინასწარმეტყველებდნენ. ამბობდნენ, რომ ის დაახლოებით 3%-თან ახლოს იქნებოდა. მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა შეგვენარჩუნებინა ის მაჩვენებელი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გვაქვს ჩადებული და არ იყო გამორიცხული, რომ უფრო მაღალი ზრდა გვქონოდა. ახლაც ამ აზრზე ვრჩები. პრაქტიკაც ამას აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელი დავასრულოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიდრე ჩადებული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 6%-იანი ზრდა. არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ამ მაჩვენებელს გადავხედოთ. ვფიქრობ, ბიუჯეტის შემოსავლებს, გადაჭარბებით შევასრულებთ და ამას აჩვენებს დღევანდელი დღის პარამეტრებიც, შესაბამისად, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ვიდრე 6%-ია“, – ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

მისივე განცხადებებით, ეკონომიკური ზრდის გადაჭარბებით შესრულების მოლოდინს, ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგები განაპირობებს.

„საქართველოს ეკონომიკას ჰქონდა ზამბარისებური გაშლა. ამ გაშლიდან მე ვფიქრობ, ვფიქრობ, რომ ეკონომიკის მდგრად გაშლაზე გავედით. ამ ცვლილებას საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს კიდეც.

11,6%-ით გაიზარდა მაისში, ხოლო 5 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11,2%-ია.
რა განაპირობებს ამას? ვფიქრობ, ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რაც გატარებული გვაქვს.

უპირველეს ყოვლისა საფინანსო სექტორში ჩატარებულ რეფორმებს ვგულისხმობ. ეს არის ფუნდამენტი, რის გამოც ბიუჯეტი მაღალ შემოსავლებს გენერირებს. მოთხოვნა გაზრდილია ყველა მიმართულებით.

ეკონომიკის ყველა პარამეტრში ზრდა გვაქვს. გაზრდილია ექსპორტი, რამაც მოლოდინებს გადააჭარბა და ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილები, რომელიც 2022 წლის მაისში თითქმის 170%-ით გაიზარდა. (505 მილიონი დოლარი იყო).  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – მიგრანტები. მომიჯნავე რეგიონებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან მოსახლეობა გარკვეულწილად შემოვიდა საქართველოში და მას მოჰყვა სავალუტო შემოდინებები.

მოთხოვნის ზრდა ქართულ აქტივებზე, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია.

ტურიზმის სექტორის აღდგენის დონე მაღალია. მაისში იმაზე ბევრად მაღალი იყო, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ველოდით 75%-იან აღდგენას და გვქონდა თითქმის 95-96 პროცენტიანი აღდგენა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ პირველ 5 თვეში თითქმის 38%-ით მოიმატა.

ექსპორტი გაზრდილია 54%-ით და ნახევარ მილიარდს გადააჭარბა მარტო მაისის თვეში.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის ყველა სექტორში გვაქვს ზრდა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ განვითარებაზე ვართ გასული და ეს ფაქტორები განაპირობებს, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ბიუჯეტი 6%-ზე მეტად გაიზარდოს,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ გიორგი კეპულაძის გადაცემაში „ბიზნესკურიერი“.