LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი სესიაშვილი – საქართველოს ნატოში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლი უნდა შეეგუოს

75

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პუტინის განცხადება სიახლე არავისთვის არის და ამიტომ საქართველო განაგრძობს განვითარებას და იმ პოლიტიკური კურსის გარძლიერებას, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლი უნდა შეეგუოს.

„საქართველო განაგრძობს განვითარებას და იმ პოლიტიკური კურსის გარძლიერებას, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციას და რეზოლუციას, რომელიც მიიღო პარლამენტმა და მთავარია, არის ჩვენი მოსახლეობის ნება. ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ ნატოში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ჩვენი არჩევანი. ის, რაც პუტინმა განაცხადა, ნამდვილად არ ყოფილა სიახლე ჩვენთვის. მას სახელმწიფო ინტერესების განსხვავებული აღქმა აქვს, არ ემყარება ცივილიზებულ აზროვნებას, მისთვის სახელმწიფო ინტერესები არის სუსტი მეზობელი, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის არც ერთი ცივილიზებული სამყაროს გაგებაში. სახელმწიფოს უნდა აწყობდეს ძლიერი, ცივილიზებული და უსაფრთხო მეზობელი. ამ შემთხვევაში ამ განცხადებას ვიღებთ ისე, როგორც აქამდე არსებული კრემლის პოლიტიკის გაგრძელებას. ამაზე პასუხი გასცა პრემიერთან შეხვედრაზე სტოლტენბერგმა, რომელმაც განაცხადა, რომ ვერანაირი მესამე ქვეყანა ვერ მოახდნეს გავლენას გაფართოებასთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება და გავატროთ ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არის ქართველების არჩევანი. საქართველოს ნატოში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას უნდა შეეგუოს კრემლიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, მაშინ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დეოკუპაცია, რისი მოლოდინიც სამწუხაროდ არ გვაქვს. ამიტომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული ზოგადი ტენდენციები, რაც შეიძლება მოდიოდეს კრემლისგან. ამასთან, ჩვენ გვაქვს მყარი კურსი და არჩევანი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების საფუძველი თანამშრომლობისა და ნდობის განვითარებაშია.