LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდია EU-ს გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს: ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

84
B10AD3FB-D0E3-4603-AA28-0910438ECF75

„ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ევროპაში ძალიან სტრატეგიული მდებარეობა უკავია  და ამ ქვეყანას ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდება“, – ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კოვენმა აღნიშნულზე ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, სენატორ გარი განანის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

სენატორმა შეკითხვით მიმართა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ირლანდიის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, არამედ პირიქით, მინისტრის შეფასებით, ეს ნიშნავს ამ ქვეყნისთვის კარის გაღებას:

‚ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, პირიქით, ეს ნიშნავს კარის გაღებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ განვმარტავთ თუ რა რეფორმების გატარებაა საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მაგრამ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება განსხვავდება უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით იმავდროულად მიღებული გადაწყვეტილებებისგან, ეს იწვევს გულის გატეხას; თუმცა მე ვარწმუნებ ქართველებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ირლანდია  ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია.“– აღნიშნა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ირლანდიას სურს მშვიდობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ და საქართველო, მისი განცხადებით, ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია.

„გაწევრიანების პროცესი რთული და ხანდახან გაჭიანურებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მაინც გაირკვევა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად.“–განაცხადა ირლანდიის პირველმა დიპლომატმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს.