LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა პავლიაშვილი: “საარჩევნო პროგრამებში მოსახლეობის საჭიროებები ნაკლებად იყო გათვალისწინებული” – კომპეტენციის პრობლემა თუ ზერელე დამოკიდებულება 

BeFunky-collage

მართალია, საარჩევნო კამპანია ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სუბიექტებმა პროგრამები გვიან გამოაქვეყნეს და ამ პროგრამებშიც ძირითადი აქცენტი ცენტრალურ საკითხებზეა გაკეთებული, – ასე აფასებს საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებს „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო პროგრამებში ნაკლებად იყო გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.

“იმ პოლარიზებული გარემოდან გამომდინარე, რომელიც 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შეიქმნა, გარკვეულწილად რეფერენდუმის სტატუსი შეიძინა, ოპოზიციაც ასე მოიხსენიებს, თვითმმართველობის არჩევნები, სამწუხაროდ, დაცლილია თვითმმართველობის კომპონენტისგან.

პროგრამებში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული კრიტერიუმები, არ არის განხილული კონკრეტული მუნიციპალური საჭიროებები და იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მაგალითად, საკრებულოებს ან წარმომადგენლობით თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას ადგილზე დააკომპლექტებენ საარჩევნო სუბიექტები, რა ხედვა აქვთ, დეტალებს არ შეიცავს. ზოგადი პრინციპების გარდა ვერაფერს ვხედავთ.

შეიძლება ვიხილოთ რიგი სუბიექტის კამპანიასა და პროგრამაში საბიუჯეტო ინდიკატორები, თუმცა დეტალურად არ არის გაწერილი ამ საბიუჯეტო რესურსს როგორ გადაანაწილებს სოციალურ, განათლებისა თუ კულტურის იმ საკითხებზე, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენცია”,- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

 

“წინასაარჩევნო პერიოდი საგნობრივი მსჯელობისგან დაცლილია” –  კომპეტენციის პრობლემა თუ ზერელე დამოკიდებულება 

ეს წლების გამოწვევაა. ძირითადად კამპანია და სუბიექტების პროგრამები აგებულია ზოგად პრინციპებზე, – აცხადებს „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე. ირმა პავლიაშვილის დაკვირვებით, წინასაარჩევნო პროგრამები არ მოიცავს კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, რომლის მიხედვით, დეტალურად იქნება გაწერილი წლების გეგმა.

“ეს არის ის პრაქტიკა და წლების გამოწვევა, რომელიც გვაქვს კამპანიის პროცესში. ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საგნობრივი მსჯელობისგან არის დაცლილი, მხოლოდ ძალადობრივ ქმედებებზე არის აგებული და ვხედავთ, რა ტიპის დაპირისპირბებიც მიმდინარეობს.რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად აისახება, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდის დროს ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება”,- აღნიშნავს ირმა პავლიაშვილი.

მისივე განცხადებით, მათ შეისწავლეს მხოლოდ ის საჯარო განცხადებები და გამოქვეყნებული ინფორმაციები, იგივე ვებგვერდ partiebi.ge-ის საშუალებით და შეეძლოთ, შედარება გაეკეთებინათ თუ რომელი პარტიის კონცეფცია როგორ ასახავს ინდივიდუალური მუნიციპალიტეტის საჭიროებას.

“რიგ შემთხვევაში გვხდება, რომ დეკლარირებული მიზნები არის, მაგრამ კონკრეტიკა, რასაც მოველით, არ არის. 64 მუნიციპალიტეტია და არის თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის ინდივიდუალური საჭიროებები სიღრმისეულად შესწავლილი, სამწუხაროდ, პროგრამები ამ კომპონენტისგან არის დაცლილი.

როდესაც სუბიექტები ამომრჩევლებთან მიდიან, ესაუბრებიან ზოგად დეკლარირებულ მიზნებზე და არა მათ საჭიროებებზე, რომლის მოგვარებაც თვითმმართველობის კომპეტენციას წარმოადგენს”- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

რაც შეეხება ადამიანური რესურსების გამოყენების პრაქტიკას, „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარდა, ადგილი აქვს სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებსაც.

“ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს სკოლების დეპოლიტიზირების საკითხს. განათლების კოალიციასთან ერთად ჩვენი მიზანია დავინახოთ, ხომ არ ხდება იძულებითი მექანიზმების გამოყენება საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების მიმართ და არაერთი ფაქტი გამოვლინდა. სამწუხაროდ, კვლავ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არა მარტო. სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებსაც აქვს ადგილი. სახალხო დამცველმაც გააკეთა ამაზე განცხადება. სავარაუდო რიცხვი 50-ს აღემატება.
შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც მმართველი გუნდის გარკვეული რეიტინგი იწევს, შემდგომ მმართველი პარტია ყოველთვის ცდილობს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი.

2016 წლიდან ვსწავლობთ ამ საკითხს და განათლების სისტემაში სისტემური პრობლემა სამი მიმართულებით ვლინდება ხოლმე:

განათლების სისტემა თავისი შიდა აუდიტით ერთვება და გავლენას ახდენს ამ ადამიანებზე., მეორე როდესაც სამართალდაცავი ორგანოები ან თვითმმართველობის წარმომადგენლები ერევიან და სამწუხაროდ, ხშირად, მასწავლებლები, დირექტორები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არიან თავისუფლები. შეიძლება, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაადგინოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულობის სტანდარტები, ეს ადამიანები სხვა სამსახურში ურთიერთდაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომ ეს მათზე ახდენს გავლენას არ იყვნენ დამოუკიდებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში”,- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ადგილი ხომ არ აქვს საკანონმდებლო პრობლემას, ირმა პავლიაშვილი ასე პასუხობს:

“დიახ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ განსხვავებულად დაკომპლექტეს საუბნო საარჩევნო კომისიები. ჩვენ გქვონდა რეკომენდაცია, როდესაც პარლამენტს რეფორმის ჭრილში წარვუდგინეთ და ვსაუბრობდით იმაზე, რომ შექმნილიყო ერთიანი ბაზა. მასწავლებლები, დირექტორები თავისივე სკოლასა და ვიწრო სოციუმში არ ყოფილიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში დაკომპლექტებული ანუ შემთხვევითი შერჩევით მომხდარიყო მათი გადანაწილება”,- განაცხადა „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარემ, ირმა პავლიაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.