ფიფა გამოძიებას ატარებს შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ავღანეთის ქალთა ნაკრების წევრები ადგილობრივი ფედერაციის თანამშრომლების მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ.

„ქალთა გუნდში ორი მამაკაცი გაგზავნეს, რომლებიც ქალებს წარუდგნენ როგორც „ქალთა ფეხბურთის თავკაცი“ და „მწვრთნელის თანაშემწე“. ისინი დაცინოდნენ და ავიწროებდნენ გოგონებს და იცოდნენ, რომ ამისთვის არაფერი მოეკითხებოდათ. ეს კაცები აკაკუნებდნენ ფეხბურთელების კარზე და იწვნენ მათთან.
ფედერაციის თანამშრომლებმა გოგონებს უთხრეს, რომ ისინი შემადგენლობაში მოხვდებოდნენ, აიღებდნენ 100 ფუნტს თვეში, თუ ყველაფერზე თანახმანი იქნებოდნენ. ისინი აიძულებდნენ გოგონებს გაეკეთებინათ ის, რაც უნდოდათ. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, რადგან ეს ახალხი დიდი ძალაუფლებით სარგებლობს და თუ ვინმე ხმას გაიღებს, შეიძლება მოკლან კიდეც.
ერთხელ პრეზიდენტს დავურეკე და ვთხოვე შეეწყვიტათ ეს ყველაფერი. ის დამპირდა, რომ სერიოზულ ზომებს მიიღებდა, ოღონდ მითხრა, რომ ფეხბურთის თამაში გაგვეგრძელებინა და ჩუმად ვყოფილიყავით, ხოლო როდესაც იორდანიიდან შეკრებიდან დავბრუნდებოდით, ეს კაცები დაისჯებოდნენ. მაგრამ ისინი დააწინაურეს, ხოლო ცხრა ფეხბურთელი გოგონა, მათ შორის საუკეთესოები, ნაკრებიდან მოისროლეს – ისინი დაადანაშაულეს, რომ ლესბოსელები იყვნენ“, – მოყვა ქალთა ფეხბურთის დეპარტამენტის ყოფილმა თავკაცმა ხალიდა პოპალმა. მისი სიტყვები მოყავს The Guardian-ს.

ხალიდა პოპალი ავღანეთიდან 2016 წელს გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო დანიაში.
შევიწროებაში ეჭვმიტანილია ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კერმუდინ კარიმიც.

ტეგები: ავღანეთი სპორტი ფიფა ქალები ძალადობა ხალიდა პოპალი

მსგავსი თემები