LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისინი ელოდებოდნენ კიდეც ამას” – ვაჭრობის შესაძლებლობა გამყოფი ხაზების გასწვრივ

374
gamyofixazebi

საქართველოს მთავრობა ცდილობს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც მოაქვს სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ხელისუფლების წარმომადგენელთა გაცხადებული მიზანი. ამ მიზანს ემსახურება სამშვიდობო პოლიტიკაც – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის” და ეს მიზანია განსაზღვრული სახელწმიფო სტრატეგიით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მაცხოვრებელი მოქალაქეების ჩართულობის პოლიტიკას განსაზღვრავს.

ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მექანიზმებიდან, რომელიც 2010 წელს მიიღეს, 18 წლის შემდეგ მხოლოდ ორი მექანიზმი მუშაობს – ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის ნაწილში. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მიზანს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ეხმიანება მთავრობის მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სამშვიდონო პოლიტიკის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დაიწყო და რომლის თანახმად, პროგრამას “აწარმოე საქართველოში” კიდევ ერთი კომპონენტი უნდა დაემატოს – „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის.“

 

რას ამბობენ საექსპერტო წრეებში

დაანონსებულმა ინიციატივამ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას უნდა შეუწყოს ხელი. კონფლიქტოლოგი ივანე აბრამიშვილი ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა როგორც “ფორტუნასთან” აღნიშნავს, თუ ჩართულობის მექანიზმებს გადავხედავთ, რომელიც სტრატეგიის სამოქმედო გეგმით არის გაწერილი, ბევრი რამ არ მუშაობს.

„ეს მექანიზმები მუშაობს განათლებისა და ჯანდაცვის ნაწილში და ახლა დაემატა ეკონომიკა. ძალიან სწორი ინიციატივაა და საჭირო, თუმცა დაგვიანებულიც კი. დიდი ხნის წინ იყო მხედველობაში მიღებული, რომ მსგავსი რამ გაკეთებულიყო, სპეციალური ფონდი უნდა შექმნილიყო ამისთვის, როგორც ეს სტრატეგიაში და გეგმაშია გაწერილი. უბრალოდ, ახლაღა მოხერხდა, ამის გაკეთება, 10 წლის დაგვიანებით. თუმცა, მთავარია მოხერხდა. რამდენად იმუშავებს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ პოტენციალი რომ დიდია, ეკონომიკურ საქმიანობასა და ვაჭრობაში, ეს ვიცით და დადასტურებულია. თუ მოვახერხეთ და 1 წელში გარკვეული შედეგები დავინახეთ, ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება,“ – აღნიშნავს ივანე აბრამიშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ელოდება, რომ ინიციატივით გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობა დაინტერესდება. იხსენებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან სამკურნალოდ ჩამოსულ ადამიანებს ბიზნესის კუთხით გარკვეული საკითხებიც აინტერესებდათ.

იმედია,  სულ ცოტა, გალის და ახალგორის რაიონიდან ხალხი ჩაერთვება, ანუ ისინი, ვინც ცოტა აქეთ იყურებიან და მოლოდინები აქვთ. უფრო კარგი იქნება თუ ეთნიკურად აფხაზები და ოსები ჩაერთვებიან.

ისინი ელოდებოდნენ კიდეც ამას, მაგრამ ამ საკითხზე, როცა შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, იყო მცდელობა გავსულიყავით აფხაზურ–ოსურ საზოაგდოებაზე და მაშინ იქიდან კატეგორიული უარი მივიღეთ სახელწოდების გამო – მიუღებელი იყო მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში, სადაც წერია – „აწარმოე საქართველოში.“ მაშინ ჩემი წინადადება იყო, ხომ არ სჯობდა სხვა რამ პროექტი შეგვექნმა, რომელსაც უფრო ნეიტრალური სახელი ექნებოდა, ვიდრე „აწარმოე საქართველოში“. მერე უკვე ხელისუფლება შეიცვალა, არჩევნები მოვიდა… ახლა, როცა ვნახე სააპლიკაციო ფორმა, რაც უნდა შეავსო, წერია დაფინანსება აწარმოე საქართველოში, ალბათ, მოაგვარეს ეს საკითხი და იყო გასვლები აფხაზურ და ოსურ მხარეზე.თუ ისინი მიიღებენ დაფინანსებას, ეს ძალიან სერიოზული გარღვევა იქნება და რა თქმა უნდა, მივესალმები,“ – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

 

რას ამბობენ მთავრობაში

პროგრამის “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლია, როგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებს. რეგისტრაციის გავლა შეუძლია, როგორც ერთ ბენეფიციარს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ასევე ბენეფიციართა ჯგუფს, რომელთაგან მინიმუმ ერთი მოქალაქე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.

პროგრამაში დაახლოებით 15 ადამიანია დარეგისტრირებული (19 მარტის მდგომარეობით). მათგან რამდენია ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრები, უცნობია. თუმცა, როგორც მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ღოღობერიძე “ფორტუნასთან” ამბობს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებიც არიან.

„ამ ეტაპზე ბევრი განაცხადი არ გვაქვს. განაცხადები მიღებული გვაქვს, როგორც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრები ადამიანებისგან, ასევე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისგან. ზარები შემოდის და დაინტერესება არის.

ეს რასაც ვიღებთ, მხოლოდ განაცხადი არ არის, ეს არის ბიზნეს გეგმა. გვაქვს შაბლონური განაცხადი, სადაც გარკვეული ველებია შესავსები. მოხდება დოკუმენტების პირველადი გადარჩევა, შემდეგ ეს წარედგინება კომისიას საბოლოო პასუხზე და ამის შემდეგ განისაზღვრება გრანტები,“ – აღნიშნავს ავთანდილ ღოღობერიძე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი ინიციატივებით ჩატეხილი ხიდები აღდგება:

„ვდგამთ ჩვენ მეტ ნაბიჯს, რომ მიუხედავად ბარიკადებისა, ხიდები ავაგოთ. ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ აღდგეს ნდობა, ხელოვნურად დაშორიშორებული ჩვენი მოსახლეობის ერთმანეთთან შეკავშირება, რაც სამშვიდობო პროცესისთვის არის აუცილებელი,“ – ასეთია მინისტრის განცხადება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე კი განმარტავს, რომ რეალურად ბევრი განაცხადია შესული. თუმცა, მათგან ნაწილი სრულყოფილად შევსებული არ არის.

რაც შეეხება პრობლემას, რომელზეც პროგრამის სახელწოდებასთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს, რუსლან აბაშიძეს კომენტარის გაკეთება უჭირს და ამბობს, რომ მსგავსი სახის პრობლემის შესახებ არ სმენია.

„ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით რაიმე ნეგატიური დამოკიდებულება არ გვქონია. ჩვენ არ გაგვაჩნია მსგავსი დამოკიდებულება ამ პროგრამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულებაა,“ – ამბობს რუსლან აბაშიძე.

განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და როგორც “აწარმოე საქართველოში” განმარტავენ, დაახლოებით, თვენახევარი დასჭირდება მათ გადარჩევასა და შემდეგ უკვე გრანტების გაცემას. სწორედ ამ დროისთვის გვეცოდინება, რამდენად ეფექტიანი იქნება პროგრამა იმისთვის, რომ ბარიკადების მიუხედავად, ხიდების აგება შესაძლებელი გახდეს.

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

“ბარიკადების მიუხედავად ხიდების აგება” ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების, ე. წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობის შემცირების გათვალისწინებით, რთულია. ასევე, ხიდების აგებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

„დაინტერესება, ველოდებით, რომ საკმაოდ დიდი იქნება, არ ველოდებით, რომ ამ ადამიანებს რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები ექნებათ, მსგავსი სახის პრობლემებს და სირთულეებს არ ველოდებით,“ – ამბობს მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

“ფორტუნა” დაინტერესდა, როგორ აპირებს სახელმწიფო ინფორმაციის ადრესატებამდე მიტანას. ავთანდილ ღოღობერიძე განმარტავს, რომ დაინტერესებული პირებისთვის საჭირო ინფორმაცია „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

„ეს პროგრამა გაპიარდა: პრემიერმა დაანონსა, დაიდო ჩვენს საიტზე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე. რაც შეეხება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, რამდენად გაიმართება, ჯერ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. თუ საჭიროება მოითხოვს, რა თქმა უნდა, მოეწყობა მსგავსი შეხვედრები,“ – ამბობს ავთანდილ ღოღობერიძე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთვევაში კი, დაინტერესებულ სუბიექტს, როგორც ავთანდილ ღოღობერიძე ამბობს, „შეუძლია ჩვენთან მოვიდეს ოფისში, ან დარეკოს ცხელ ხაზზე.“

ინფორმაციის მიწოდების გზებზე ცოტას საუბრობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატში. რუსლან აბაშიძე ამბობს, რომ ამისთვის გარკვეული პლატფორმებია შექმნილი, თუმცა, კონკრეტულ მექანიზმებს საჯაროდ ბუნებრივია, ვერ ასახელებს. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ინფორმაცია ონლაინ არის ხელმისაწვდომი და ტარდება საინფორმაციო შეხვედრებიც, აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ ყველა შეხვედრაზე, ეს იქნება გამყოფი ხაზისპირა სოფლებში, საზღვარგარეთ თუ დედაქალაქში.

„გამიჭირდება იმ მექანიზმის დასახელება, რის მეშვეობით, მაგრამ ინფორმაცია გავრცელებულია და ინტერესიც მაღალ დონეზეა აწეული. მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ხალხთან, ვისაც აქვს დაინტერესება. მე რამდენიმე წუთში მაქვს შეხვედრა ადამიანებთან აფხაზეთიდან, ვინც დაინტერესებული არიან და სურთ მიიღონ ინფორმაცია. მე ვიტყოდი, რომ ძალიან მაღალი ინტერესია დაფიქსირებული,“ – ამბობს რუსლან აბაშიძე.

ინფორმაციის მიწოდების გზებზე უფრო კონკრეტულად საუბრობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გამყოფი ხაზის მიღმა მსგავსი ინფორმაციის გასავრცელებლად ყველაზე კარგი საშუალება, ინტერნეტია. ასევე, ეფექტიანად მუშაობს ინფორმაციის გავრცელება საგუშაგოებზე და მოსახლეობაში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, გამყოფი ხაზის გასწვრივ, საიდანაც ინფორმაცია ოსურ და აფხაზურ მხარესთანაც მიდის.

“გამყოფ ხაზზე არსებულ საგუშაგოებში უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, ბუკლეტები უნდა ჩაიდოს. იქ მარტო ქართველები ხომ არ გადაადგილდებიან, აფხაზები და ოსებიც არიან. პასპორტს რომ წარუდგენენ, იქ ჩაუდონ ეს ინფორმაცია ბუკლეტის სახით. ბიზნესმენები ჩამოდიან ცხინვალიდან და სოხუმიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ ტიპის ღონისძიებებით. ზოგი სამკურნალოდ ჩამოდის, ნათესავთან ჩამოდის და ეს ხალხი სულ ყურადღების ცენტრშია, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია.

ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე ძალიან იოლია ყველაფერი, საინფორმაციო შეხვედრები ეწყობა, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, გორის ორგანიზაციები არიან ძალიან ძლიერები და ხაშურის. არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებმა საჭიროა, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ ქართულ სოფლებში იარონ. ამ მოსახლეობას აქვს კავშირები გამყოფი ხაზის მიღმა, როცა მათ ექნებათ ინფორმაცია, ისინი თავიანთი არხებით შეატყობინებენ ოსურ და აფხაზურ მხარესაც,” – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება პიარს და პრემიერის მიერ ინიციატივის დაანონსებას, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ განცხადებები არც მთავრობის და არც პარლამენტის ტრიბუნიდან არის საჭირო.

“მთავარია, ხელისუფლება კორექტულად მოიქცნენ და პოლიტიკურად არ გააფორმონ. არ არის საჭირო განცხადებები, რომ “ჩვენ ქართველები ამას ვაკეთებთ და იმას ვაკეთებთ”, მსგავსი განცხადებები არ ყოფილა და ჯანდაცვის მექანიზმმა კარგად იმუშავა. მათი ჩართულობა შიდა პოლიტიკურ პროცესად არ უნდა ვაქციოთ. ინფორმაციის მიწოდება ხმაურის გარეშე შეიძლება. ამის ფორმები არსებობს,” – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

რას ამბობს მოსახლეობა

პროგრამით დაინტერესებულია ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი. თუმცა, ამბობს, რომ რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია და სურს უკეთესად გაერკვეს ყველაფერში. როგორც მაია ოთინაშვილმა “ფორტუნას” უთხრა, მეზობლებმა პროგრამის შესახებ ძირითადად არ იციან. თუმცა, მათ, ვისაც გარკვეული ინფორმაცია აქვთ, დაინტერესდნენ – „ვისაც ვუთხარი, რამდენიმე დამეთანხმა კარგი აზრიაო.“ მაია ოთინაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე) საინფორმაციო შეხვედრების საჭიროებაზე მიუთითებს.

ოთინაშვილი იმედოვნებს, რომ პროგრამით არა მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ გამყოფი ხაზის მიღმაც დაინტერესდებიან:

ალბათ დაინტერესედებიან, იქითაც (გამყოფი ხაზის მიღმა) ძალიან უჭირთ ხალხს და შევიწროებული არიან ყველანაირად, მაგრამ ინფორმაცია საიდან ექნებათ. რამდენიმესთან მაქვს კონტაქტი ტელეფონით, მაგრამ ამაზე არ მისაუბრია.“

ჩვენს სოფელშიც არ იცნობენ ამ პროექტს და კარგია საინფორმაციო შეხვედრა მოეწყოს, პროექტის წარმომადგენლები შეგვხვდნენ, ხალხი უკეთესად გაეცნობა და სურვილიც ენქებათ, უფრო დამაჯერებელიც იქნება, ასე მე ვუთხრა და მერე ერთმანეთს უთხრან, ამას შეხვედრა აჯობებს.

ჩემი მული მუშაობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, ურეკავენ და მან კი იცის და გარკვეულია, მაგრამ ხალხი მოითხოვს, რომ შეხვდნენ. ეწყობოდა ხოლმე გარკვეულ ინიციატივებზე შეხვედრები,“ – ამბობს მაია ოთინაშვილი.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განმარტავენ, ამ ეტაპზე გამყოფი ხაზისპირა სოფლებში დაახლოებით 20 შეხვედრაა ჩატარებული, სადაც სხვა საკითხებთან ერთად პროგრამაზე “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” ისაუბრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები