LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტერიკა ბავშვებში – უნდა დავაწყნაროთ თუ არა პატარა ტირილისას

ბავშვები ყურადღების მიქცევისა თუ სურვილების შესრულების მიზნით, ხშირად მიმართავენ ისტერიკას. თუმცა, ამას ყოველთვის შეგნებულად არ აკეთებენ. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, ეს იყოს ბავშვის ქცევის დარღვევიდან გამომდინარე, ან ბავშვის მხრიდან, როგორც მშობელზე, უფროსზე მანიპულაციის საშუალება. არსებობს მესამე, ერთ-ერთი გავრცელებული შემთხვევა ოჯახებში, სადაც ყველა ერთობლივად არ მოქმედებს, უწყრება დედა, ეფერება მამა და ა.შ.

ფსიქოლოგების აზრით, ბავშვებს პირველი გარდატეხის პერიოდი არა თინეიჯერობის ასაკში, არამედ მცირეწლოვნობისას –  3-4 წლის ასაკში აქვთ.  სწორედ ეს ასაკი მიიჩნევა ყველაზე კრიტიკულად, როცა ბავშვები ამა თუ იმ სურვილის მისაღწევად ხშირად მიმართავენ ისტერიკას. 

ტემპერ ტანტრუმი, იგივე ბრაზის შეტევები, აღწერს ისეთ ქცევებს, როდესაც ბავშვი მძაფრად აპროტესტებს რაიმეს – ყვირის, ტირის, იქნევს ხელებს და ფეხებს, გაწვება იატაკზე.  ამ დროს ჭირს ბავშვის დამშვიდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დავუკმაყოფილებთ სურვილს. მსგავსი ქცევები უმეტესად დამახასიათებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. განსაკუთრებით კი 3-4 წლის ასაკში აღწევს პიკს მისი გამოვლენა. თუკი 3-4 წლის ბავშვი პერიოდულად ყვირის, ტირის და ბრაზს ამგვარად გამოხატავს, არ მიანიშნებს რაიმე განსაკუთრებული სირთულის არსებობაზე და, თუკი ადეკვატურად იმართა, მალევე ამოწურავს თავს. თუმცა, არაეფექტიანი მართვის შემთხვევაში, ბავშვს გვიან – სასკოლო და სკოლის პერიოდშიც კი, შეიძლება გაუჭირდეს ემოციების ასაკის შესაბამისად მართვა. ამდენად, მნიშვნელოვანია, უფროსმა იცოდეს ასეთი ქცევების მართვა,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ბავშვთა ფსიქოლოგი, ლიკა ბუწაშვილი.

ბრაზის შეტევებს შესაძლოა, ბიძგი მისცეს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ძილის და კვების რეჟიმის დარღვევა, გადაღლა, სტრესი, ავადობა. ლიკა ბუწაშვილი მშობლებს ურჩევს, რომ ამ ასაკში ბავშვების გაღიზიანებისა და ისტერიკის თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციონ იმას, რომ ბავშვის დღის რეჟიმი იყოს დაცული. ასევე, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს შორის იყო მკაფიო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რისი უფლება აქვს ბავშვს და რისი – არა; რა მოეთხოვება მას და რა – არა. 

„მთავარია, ყველა წევრმა მისდიოთ შეთანხმებას. თუკი ოჯახის ერთი წევრი რაიმეს უკრძალავს ბავშვს, მეორე კი ნებას რთავს, ეს მეტად არევს ბავშვის ქცევას და მხოლოდ უფროსებით მანიპულირების სწავლაში დაეხმარება. შემდეგი ნაბიჯია წინაპირობების გათვალისწინება და მათით ოპერირებაა,  ასაკის მიხედვით. მაგალითად,  თუ ბავშვს სურს ისეთი ნივთის აღება, რაც საზიანოა, მარტივად შეგიძლიათ, მსგავსი ნივთები (მაგალითად,  ბასრი საგნები) მოათავსოთ ისეთ ადგილას, რომ არ მოხვდეს მისი თვალთახედვის არეში. ან, მაგალითად, თუკი იცით, რომ ძილის წინ ბავშვთან ერთად ფიზიკურად აქტიურ თამაშებში ჩართვის შემდეგ ჭირს მისი დასაძინებლად მომზადება და რთულდება მისი ჩაძინების პროცესი, მსგავსი აქტივობების ნაცვლად, შესთავაზეთ ბავშვს სხვა, მეტად მშვიდი აქტივობა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის დღის რეჟიმიც ეფექტიანად არის სტრუქტურირებული და წინაპირობებიც მართულია, თუმცა, რაიმეს გაპროტესტების მიზნით, ბავშვი მაინც აწყობს ბრაზის შეტევას. ამის საფუძველი ან რაიმე სასურველის აკრძალვაა ან უსიამოვნო აქტივობის თავიდან არიდება,“ –  ამბობს ბუწაშვილი.

რა შემთხვევაში მიმართავენ ბავშვები ისტერიკას და როდის როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, ბავშვთა ფსიქოლოგი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს:  

  • მაგალითად, ბავშვმა შესაძლოა, მიმართოს ისტერიკას იმ შემთხვევაში, თუკი უარს ეტყვიან ტკბილეულის მიღებაზე, ან თუკი მოსთხოვენ სათამაშოების ალაგებას. ასეთ დროს არ შეეცადოთ მის შეჩერებას.  დარწმუნდით, რომ ბავშვის უსაფრთხოება დაცულია. მაგალითად,  თუკი ცდილობს, თავი დაარტყას მყარ ზედაპირს, დაუდეთ ბალიში ისე, რომ თავი არ დაიზიანოს. იყავით მის შორიახლოს, თუმცა, ემოციურად ნეიტრალურად – არც მოეფეროთ, არც ელაპარაკოთ და სთხოვოთ დამშვიდება, არც გაუბრაზდეთ. ამგვარად მოახდინეთ მისი ამ ქცევის იგნორირება.

 

  • თუკი ისტერიკას  წინ უძღოდა ბავშვის სურვილის არდაკმაყოფილება, როგორც კი დამშვიდდება, ჩვეულ ფორმატში დაამყარეთ მასთან ურთიერთობა.  თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვისგან ბრაზის გამოვლენის წინაპირობა იყო თქვენი მხრიდან მისთვის რაიმე ინსტრუქციის მიცემა, რისი შესრულებაც არ მოისურვა და ტირილით და ყვირილით შეეცადა გაპროტესტებას, მას შემდეგ, რაც დამშვიდდება, კვლავ სთხოვეთ იმის შესრულება, რაც მოეთხოვება. ეს იმისათვის, რათა ამ გზით არ დაისწავლოს არასასურველი აქტივობის თავიდან არიდება. ამგვარი რეაგირება დაეხმარება ბავშვს ემოციების რეგულაციის უნარის გამომუშავებაში.

 

  • თუკი ბავშვის ყველა კაპრიზი სრულდება და არა აქვს ისტერიკის მოწყობის საფუძველი, ანდაც გამოვლენილი ბრაზი არაეფექტიანად იმართება, ნაცვლად იგნორისა, ახლავს უფროსების მხრიდან ჩხუბი, დასჯა, მოფერება და სხვა, კიდევ უფრო უჭირს ბავშვს დამშვიდება და მომავალშიც, დიდი ალბათობით, გაუჭირდება ბრაზის მართვა.  

 

  • გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ტირილი, ყვირილი და მსგავსი რეაგირება ყოველთვის არ მიანიშნებს ისტერიკაზე და ასაკის მიხედვითაც სხვადასხვაგვარ მართვას მოითხოვს. მაგალითად, 1 წლის ასაკამდე ბავშვის ტირილს უფროსის მხრიდან აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ყველა გზით უნდა ეცადოს მშობელი ბავშვის დამშვიდებას, როგორც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, ისე ფიზიკური კონტაქტის – მოფერების, ჩახუტების გზით. ამ ასაკში ბავშვს არა აქვს რესურსი, რომ თავად იზრუნოს საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. შემდეგ პერიოდშიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური თუ ფიზიოლოგიური საჭიროებები დროულად და ეფექტურად კმაყოფილდებოდეს აღმზრდელის მხრიდან. იგულისხმება არამხოლოდ კვება, ძილი და ა.შ., არამედ ისეთი ემოციების გადამუშავებაში დახმარება, როგორიცაა შიში, იმედგაცრუება და ა.შ. მნიშვნელოვანია, ამ დროს ბავშვის გვერდით ყოფნა და მისი ემოციების გაზიარება, საჭიროების შემთხვევაში დამშვიდება, ჩახუტება.

ამგვარი ისტერიკის და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და პრევენციისთვის, ფსიქოლოგები მშობლებს ბავშვთან მეტი დროის გატარებას, მათთან ერთად აქტივობებში ჩართვასა და მათთან ერთად თამაშს ურჩევენ.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები