პანდემიის მიუხედავად საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება. დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველებს უკვე ძალიან ბევრჯერ მოგვიწია არჩევანის გაკეთება.

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ არჩევანი ყოველთვის გვეშლებოდა. რატომღაც საკუთარ არჩევნებზე ვერ ვსწავლობთ…

1990 წლიდან დღემდე  ქვეყანაში 23 არჩევნები ჩატარდა.

ავირჩიეთ 5 პრეზიდენტი,

ჩატარდა 7 საპარლამენტო,

7 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და 4 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

1 რეფერენდუმი და 2 პლებისციტი.

 

დამოუკიდებელ საქართველოში პირველად არჩევნები 1990 წელს გაიმართა.

არჩევნების ათვლა იწყება 1990 წლის 28 ოქტომბრიდან. სამოცდაათი წლის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება.

არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. ხმათა უმრავლესობა დაიმსახურა „მრგვალმა მაგიდა დამოუკიდებელმა საქართველომ“.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა და 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამაც და მათი სურვილიც იყო, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გაეგრძელებინა ცხოვრება…

ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან გაგდების შემდეგ საქართველოში მორიგი არჩევნები ჩატარდა.

ეს 1992 წლის 11 ოქტომბერს მოხდა. არჩევნებში იმ დროისთვის მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას, დევნილი პრეზიდენტის მომხრეების გარდა.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 1995 წელს ჩატარდა.

1995 წლის  5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიი­ღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწი­ლეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.

ხმათა 74% ედუარდ შევარდნაძემ მიიღო. 

 

მომდევნო არჩევნები საქართველოში 1999 წელს გაიმართა.

31 ოქტომბერს გამარჯვებულმა პარლამენტმა თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე აირჩია.

2000 წლის 9 აპრილს საქართველოში რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. “გაიმარჯვა” მოქმედმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მეორე ადგილზე ჯუმბერ პატიაშვილი გავიდა. პრეზიდენტობის სულ 4 კანდიდატი იყო.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაყალბებულმა შედეგებმა მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი გამოიწვია, რომლის შედეგადაც გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილს 5 კონკურენტი ყავდა, თუმცა შედეგები იოლი საწინასწარმეტყველები იყო – არჩევნები ვარდების რევოლუციის ლიდერის გამარჯვებით დამთავრდა – სააკაშვილმა ხმათა თითქმის 97% მიიღო.

არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ხმათა 96% მიიღო.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციების შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა – მანდატის განახლების მიზნით.

სააკაშვილმა თანამდებობა ნოემბრის ბოლოს დატოვა, მორიგი რიგგარეშე არჩევნები კი 5 იანვარს ჩატარდა. სააკაშვილის მთავარი და წონიანი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე იყო, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა მიიღო, არჩევნებში მონაწილეობდა ბადრი პატარკაციშვილიც, რომლის მხარდაჭერაც დაახლოებით 140 ათას ხმაში გამოიხატა.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2008 წელს გაიმართა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში 119 ხმა მიიღო.

2012 წელი ალბათ ყველაზე ემოციური არჩევნები იყო ქვეყანაში. პოლიტიკურ ბრძოლაში მანამდე ჩრდილში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო.

არჩევნებმა დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე ჩაიარა. გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე გავიდა.

შემდეგ იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც გამარჯვება გიორგი მარგველაშვილმა იზეიმა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელობით უჩვეულო იყო. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიკვეცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები.

2016 წელს კი კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები ჩავაბარეთ წარსულს. წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბული იყო, არჩევანის გაკეთება „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის უწევდა ქვეყანას.

არჩევნები ამომრჩევლის დაბალი აქტიურობით გამოირჩეოდა. გამარჯვება მმართველმა გუნდმა მოიპოვა. საარჩევნო ყუთთან მისულმა ამომრჩეველმა ქვეყნის მანდატი კვლავ „ოცნებას“ ჩააბარა.

2018 წელს ქვეყანამ საპრეზიდენტო არჩევნები „გადაიტანა“.

„ქართულმა ოცნებამ“ ფორმალურად არაპარტიული კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წარადგინა. 25 კანდიდატს უნდოდა პრეზიდენტობა, მაგრამ რეალურად არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და “ნაციონალების” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის კეთდებოდა. მოვისმინეთ ბევრი ლანძღვა-გინება, ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის აცრემლებული თვალები და მოვისმინეთ მისი აკანკალებული ხმაც, რომელსაც კარგად ესმოდა, ქართველების მის მიმართ გამოხატული გულისწყრომის მიზეზები.

ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

დრო სწრაფად გადის და ახლა უკვე 2020-ის არჩევნების წინ ვდგავართ. 

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია ქართველი ხალხის სიბრძნეში და დარწმუნებულია იმაშიც, რომ ამჯერადაც სწორ არჩევანს გავაკეთებთ.

როგორ არჩევანს გააკეთებს ამჯერად საქართველო? ამას ძალიან მალე გავიგებთ. რამდენად სწორ არჩევანს გავაკეთებთ, ამას კი ისტორია შეაფასებს.

თუმცა ხანდახან ისტორიაც ცდება ხოლმე, რადგან გამარჯვებულებს ისტორიაც არ „ასამართლებს“.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები