LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვებს აწესებს

108
1

ნიდერლანდების, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის შემდეგ, ახლა უკვე იტალიაც აწესებს ახალ შეზღუდვებს არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის.

ქვეყნის ხელისუფლება კოვიდ-19-ის შემთხვევების შემცირებას ცდილობს და არავაქცინირებულ პირებს გარკვეულ დაწესებულებებში შესვლას უკრძალავს, გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებისთვის კი აცრას სავალდებულოს ხდის.

“ჩვენ გვინდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, გვინდა შევინარჩუნოთ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა”, – თქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე და ახალი განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც, 6 დეკემბრიდან არავაქცინირებულებს ეკრძალებათ რესტორნებსა და ბარებში შესვლა, ღამის კლუბებში, შოუებზე, სპორტულ ღონისძიებებსა და საჯარო ცერემონიებზე დასწრება.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიის ყველაზე ინფიცირებული რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობაზე ზეწოლა მოახდინეს – ისინი წუხდნენ, რომ ახალი ჩაკეტვები და შეზღუდვები შეაფერხებდა ეკონომიკის აღდგენას ქვეყანაში, თუმცა ვერც ზომების მიღების გარეშე მოხერხდებოდა ყოველდღიური შემთხვევების რიცხვის შემცირება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ასევე სავალდებულო ხდება სამართალდამცველებისთვის, სამხედროებისა და სკოლის თანამშრომლებისთვისაც.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში იტალია გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მოითხოვა მწვანე საშვი ჯანდაცვის მუშაკებისა და მოხუცთა მზრუნველობის სახლების თანამშრომლებისთვის.

იტალიაში, ყოველდღიურად, თითქმის 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 100-მდე ადამიანი კი იღუპება.

სლოვაკეთში ორკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა