LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა – სუბელიანმა სამინისტროსთან დავა შეწყვიტა

anisubeliani_2018-05-19_PkzCWW5EuvJmq

ანა სუბელიანმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს, სამინისტროსთან დავა შეწყვიტა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ დათანხმდა იმაზე ნაკლებ კომპენსაციას, ვიდრე ეკუთვნოდა.

“იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მორიგება შემომთავაზა. მქონდა ორი გზა, დავთანხმებულიყავი იმაზე ნაკლების მიღებას, ვიდრე მეკუთვნოდა, მაგრამ დამესრულებინა ჩემი ცხოვრების უდიდესი ეტაპი, ხუთწლიანი ბრძოლა, რომელიც სამგზის მოვიგე, ჩემი სიმართლე დავამტკიცე, სისტემა ვამხილე, ბევრს იმედი გავუჩინე, წულუკიანის იმიჯსაც მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე… თუ გამეგრძელებინა ბრძოლა სტრასბურგში, კიდევ რამდენიმე წლით, მომეგო საქმე, მიმეღო ვინ იცის, სამმაგი თანხა… მე ჩემი ვთქვი. ახლა სხვა რამეები მაქვს სათქმელ-საკეთებელი. საქმე დავხურე. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე და ჩემი შეუპოვრობა გამოვიგლოვე კიდეც.
იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა. აქედან ოცი პროცენტი ბიუჯეტში დავაბრუნე. მომივიდა მესიჯი 59 400 ლარის ჩარიცხვის შესახებ. ” – წერს აქტივისტი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ანა სუბელიანი წარმატებას უსურვებს თამაზ ახობაძეს, რომელიც 2014 წელს მასთან ერთად გაათავისუფლეს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან და ამ დრომდე დაობს სასამართლოში.

“აქვე – სრული მხარდაჭერა ჩემგან თამაზს[ახობაძეს], ზუსტად ვიცი, ბოლომდე იბრძოლებს, გაიმარჯვებს და ეს მაინც ჩვენი, ორივეს გამარჯვება იქნება!” – წერს ის.

2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა.

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

თამაზ ახობაძე დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები